ოპოზიციური პარტიების ერთმა ნაწილმა გაავრცელა განცხადება, სადაც გამოხატეს მზაობა, გაიმართოს დიალოგი ხელისუფლებასთან, ხოლო მეორე ნაწილმა რომელიც გაერთიანებულია ,,დაიცავი კონსტიტუციის" ფორმატში, ასევე გაავრცელა განცხადება, სადაც მათი მოთხოვნა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის თავიდან დაწყებაა.
დავიწყოთ "საკოორდინაციო საბჭოს" განცხადებით (ამონარიდი):
„დიალოგი და შეთანხმება შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთ სწორ გზას წარმოადგენს. ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, რომ ხელისუფლებასთან ერთად განვიხილოთ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებული ყველა საკითხი.
უპირველეს ყოვლისა უმნიშვნელოვანეს და მთავარ პრობლემად მიგვაჩნია საარჩევნო თემებთან დაკავშირებული საკითხები.
გამოვთქვამთ იმედს, რომ დიალოგის, კონსულტაციებისა და კომპრომისების საფუძველზე, სათანადო სამართლებრივი გზების მეშვეობით, მიღწეული იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონსენსუსი, რაც ასე სჭირდება საქართველოში მიმდინარე კონსტიტუციურ რეფორმას და სახელმწიფოს რეპუტაციას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე”.
რაც შეეხება ,,დაიცავი კონსტიტუციაში“ შემავალი პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას, ისინი მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის როგორც საზოგადოებრივი თანხმობის დოკუმენტად ქცევისათვის აუცილებელია პროცესის თავიდან დაწყება, ხოლო კონსტიტუციის ყველა ცალკე აღებული საკითხის შესახებ მსჯელობა იქნება არა გზა შეთანხმებისკენ, არამედ „კონსენსუსის იმიტაცია”.
განცხადებაში ვკითხულობთ: (ამონარიდი):
„აუცილებელია, პროცესი დაიწყოს თავიდან, რათა ის წარიმართოს აუჩქარებლად, გამჭვირვალედ და ჩართულობის მაღალი ხარისხით, როგორც ეს კონსტიტუციის შემუშავების მსოფლიო დემოკრატიულ ტრადიციას, პრაქტიკასა და ნორმებს შეესაბამება, რათა ხელისუფლების მიტაცების მუდმივი მცდელობების ნაცვლად, შედეგად მივიღოთ ტრადიციად ქცეული თავისუფლება თავისი ინსტიტუციონალური და დემოკრატიული გარანტიებით. მოგიწოდებთ, გამოვიყვანოთ ქვეყანა ხელისუფლების მიერ შექმნილი ჩიხური ვითარებიდან პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსულტაციების გზით, რადგან კონსტიტუცია არა მხოლოდ მშრალ იურიდიულ-ტექნიკურ დოკუმენტს, არამედ ქართველი ერის უზენაეს ღირებულებათა და ისტორიულ მისწრაფებათა ერთობლიობას წარმოადგენს.
სწორედ ეს ღირებულებრივი მიდგომები განაპირობებს კონსტიტუციის და სახელმწიფოს შესახებ საყოველთაო სახალხო შეთანხმებას. კონსტიტუციის ცალკეული ნაწილები არ უნდა არღვევდეს მის სადამფუძნებლო ხასიათს. ამიტომაც, ყველა ცალკე აღებული საკითხის შესახებ მსჯელობა იქნება არა გზა შეთანხმებისაკენ, არამედ კონსესუსის იმიტაცია, რაც შედეგად ვერ მოგვცემს დემოკრატიული ტრადიციების თავისუფალ სახელმწიფოს და უკეთეს პოლიტიკურ სისტემას” - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც გამოჩნდა, ოპოზიციის ერთი ნაწილი თვლის, რომ პროცესი უნდა დაიწყოს თავიდან, მათი მოსაზრებით, ეს ეხება როგორც პრეზიდენტის ასევე პარლამენტის არჩევის წესს, საუბარია მთლიანად საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, მათ შორის მაჟორიტარების სისტემის გაუქმებაზე, რომ ის 2020 წლისთვის შეიცვალოს.
პოლიტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცესის ხელახლა დაწყებისა და კონსტიტუციის რედაქციის უკან გამოწვევის გარეშე მოლაპარაკების დაწყებას აზრი არ აქვს, ცალკე აღებული საკითხების განხილვის შემთხვევაში, კი ეს იქნება ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის ნაწილთან კონსენსუსის იმიტაცია.
ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელიც საარჩევნო საკითხებზე დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობას ემხრობა. მმართველი პოლიტიკური ძალის შემოთავაზების მოლოდინშია.
„ნიუპოსტმა" ყველა მხარის არგუმენტები მოისმინა. შევეცადეთ გაგვეგო რამდენად მტკიცეა ოპოზიციური ერთობა ქვეყნის მთავარი დოკუმენტის გარშემო.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როცა ხელისუფლება არსებითად არაფერს ცვლის, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აზრი არ აქვს.
"ხელისუფლების მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ისინი არანაირი არსებით კომპრომისს არ განიხილავენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლიდან. შესაბამისად, ცხადია, რომ ძალიან დაბალია რესურსი მოლაპარაკებების, მაგრამ თუ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება პროცესი ჩიხიდან გამოიყვანოს, მან უნდა გააკეთოს ის რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა და პროცესი თავიდან დაიწყოს"- განაცხადა ენმ-ს წევრმა.
"ევროპულ საქართველოში" კი მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენიდან მეორეზე უნდა დაბრულდეს.
"ერთადერთი ქმედითი ზომა ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა დანარჩენი თვალებზე ნაცრის შეყრა იქნება, როგორც ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ვენეციის კომისიასა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის"- განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა კი აცხადებს, რომ დღეს საარჩევნო ბლოკებზე საუბარი, "ფოჩიან კანფეტებზე" საუბარს ნიშნავს.
"პრეზიდენტის არჩევიდან დაწყებული პარლამენტის არჩევის წესით გაგრძელებული, უამრავი საკითხია, რომელიც ძალიან პრინციპულია. დღეს საუბარი ბლოკებზე, მიმაჩნია, რომ არის საუბარი ფოჩიან კანფეტებზე. ხელისუფლებას თუ დიალოგი დიალოგისთვის და კონსენსუსის იმიტაცია სურს, მას ეს არ გამოუვა. თუ პოლიტიკური პარტიები, მას (ხელისუფლებას) ამაში ხელს შეუწყობენ და იმედი მაქვს რომ ასეთები ოპოზიციაში არ აღმოჩნდებიან, ისინი უბრალოდ თვითლუსტრაციას მოახდენენ"- განაცხადა ქარდავამ.
"ლეიბორისტული პარტიაც" იმ პოლიტიკურ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც თვლის რომ პრეზიდენტის არჩევის უფლება ხალხს უნდა დარჩეს.
"პრეზიდენტის არჩევის უფლება ხალხს უნდა დარჩეს და ეს არ უნდა იყოს ივანიშვილების, კალაძეებისა და მილიარდერ ოლიგარქთა ბანდის გადასაწყვეტი. მაჟორიტარები კი სამუდამოდ უნდა დაემშვიდობონ საქართველოს ბიუჯეტს და მისი ჭამის პერსპექტივებს. ოპოზიციის მხრიდან ამ ორი ასპექტის დათმობა ქვეყნის ღალატის ტოლფასი იქნება"- თქვა შალვა ნათელაშვილმა.
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი, თამარ კორძაია, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ "ქართული ოცნება" კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.
"არსებული მოდელი, რაც მიიღეს თუნდაც ძირითად ნორმაში და არა გარდამავალში სამართლიანი არ არის. ეს არის ხელისუფლების, ძალაუფლების მიტაცება და ბუნებრივია მანდატების განაწილების ეს წესი არასამართლიანია. როცა კობახიძე ამბობს, რომ მეორე მოსმენაზე ამ კანონპროექტს არ დააბრუნებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კომპრომისზე არ მოდის"- განმარტა კორძაიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე შალვა შავგულიძის თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომით, ოპოზიცია მმართველ პოლიტიკურ გუნდს საშუალებას მისცემს კონსენსუსის იმიტაცია შექმნას.
"ასე ჩანს, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მზად არის დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მოცემულობის აღდგენის გარეშე, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას შესაძლებლობა მიეცემა, შექმნას კონსენსუსის იმიტაცია"- აცხადებს შავგულიძე.
ოპოზიციურ პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობას ადასტურებს “ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მოლაპარაკების მაგიდამდე მნიშვნელოვანია ერთიანი პოზიციით მისვლა.
„აზრთა სხვადასხვაობა იყო ოპოზიციაში. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ვინც გაურიგდება „ქართულ ოცნებას“ ის თვითლუსტრაციას მოახდენს ამ პროცესში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, რომ ამ მოლაპარაკებებზე ერთიანი პოზიციით მივიდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და თავიდან ბოლომდე გავიაროთ საკითხები კონსტიტუციასთან დაკავშირებით“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ მაშინ, როცა ხელისუფლების პოზიცია უცნობია განცხადებების გაკეთება არ შეიძლება.
"ჩვენ არ ვიცით რას თმობს ხელისუფლაბა. შეიძლება ყველასთვის მიუღებელი იყოს ის დათმობა ან პირიქით იყოს მისაღები. ჩვენთვის ამოსავალი წერტილებია, პროპორციული სისტემა, ბლოკის თემა, პრეზიდენტის არჩევის წესი... ბევრი საკითხია"- აღნიშნა პაატა დავითაიამ.
ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი, გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ რეფორმასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსენსუსი მიიღწევა მნიშვნელოვანია.
„მზად ვართ მოლაპარაკებისათვის, სამსჯელოდ იმისთვის, რომ კონსენსუსს მივაღწიოთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და მთავარი სასაუბრო თემა ეს არის საარჩევნო გარემო და ის თუ როგორ უნდა იყოს ის სამართლიანი და ყველასთვის მისაღები და არა მხოლოდ ქართული ოცნებისთვის,“-განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წევრმა“ გიორგი ახვლედიანმა.
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ დიალოგისთვის მზად არიან.
"გავხსენით ყველა თემა სასაუბროდ, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა საარჩევნო თემატიკა. ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. ის კონკრეტულ შეხვედრას ჩანიშნავს და ნათელი გახდება თუ რა კონდიციამდე შეიძლება მივიდეს შეთანხმება საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით" - თქვა კაციტაძემ.
რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, მმართველი გუნდის ნაწილისთვის საარჩევნო სისტემის 2020 წლისთვის შეცვლაზე ოპოზიციასთან საუბარი მიუღებელია.
„საუბარი იმაზე, რომ თუ საარჩევნო სისტემაზე ვერ ვთანხმდებით სხვა არაფერი გვაინტერესებს, უკვე გამოდის, რომ შენ საერთოდ არ გაინტერესებს კონსტიტუცია და რა ჩაიწერება კონსტიტუციაში. გაინტერესებს უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე რამდენ მანდატს მიიღებ. უმრავლესობაში არ არის ამასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია, ჩვენ გავხადოთ პოლიტიკური ერთიანობა სათუო და სადაო იმის გამო, რომ ვიღაცასთან თვითმიზნური კომპრომისი იყოს მიღწეული?,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ბოლო ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეხვედრისა და დიალოგის დაწყების თარიღი, სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. საკითხის განსახილველად მმართველი გუნდი იკრიბება.
მასალის გამოყენების პირობები






