უკრაინის პრეზიდენტმა თავდაპირველად განაცხადა რომ ქართულ მხარეს სააკაშვილის ექსტრადირების საკიტხზე უკრიანისთვის არ მიუმართავს, თუმცა რამდენიმე საათში დამატებითი განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ შეიტყო, რომ უკრაინამ არასაკმარისი ინფორმაციის საბაბით თბილისს ექსტრადირებაზე უარი უთხრა:
„სამწუხაროდ, არ ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ეს საკითხი პრეზიდენტის ჩარევის გარეშე განიხილება. ახლა გადავამოწმე ინფორმაცია და უკრაინამ გასცა ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია. ჩვენ არ განგვიხილავს ექსტრადირების საკითხი ვიზიტის დროს, მაგრამ თუ ეს მომავალში მოხდება, ეს იქნება ძალოვანი სტრუქტურების და გენერალური პროკურორის პრეროგატივა, რომელიც ძალიან ყურადღებით განიხილავს ნებისმიერი დამნაშავის ექსტრადირების მოთხოვნას და ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ საქართველოსთან ნებისმიერი დანაშაულის გამოძიებაში. თუმცა, მე ამაში არ ვერევი. პერსონალურად არავინ განგვიხილავს, მათ შორის არც სააკაშვილი. ზოგადად სახელებს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, თუ დადასტურდება კრიმინალი, ცხადია, მოვიქცევით შესაბამისად“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ საზოგადოებრივთან ინტერვიუში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯამელიძის განცხადებით მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი პოლიტიკურ შეხვედრებზე არ დასმულა, რადგან ამ საკითხს სამართლებრივი განზომილება აქვს და შესაბამისად სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს:
„უკრაინასა და საქართველოს შორის არსებობს სამართლებრივი პროცესი ამასთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ განხილვებს, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არცერთ შეხვედრაზე ამ საკითხის პოლიტიკური განხილვა არ მომხდარა. ამ საკითხს აქვს სამართლებრივი განზომილება და შესაბამისად, მიმდინარეობს პროცესი“, - განაცხადა ჯანელიძემ.
ოპოზიციის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება თეორიულადაც შეუძლებელია, რადგან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მისი სხვა ქვეყნისთვის გადაცემა საერთაშორისო სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
მასალის გამოყენების პირობები






