შეკითხვაზე იყო თუ არა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეში ჩართული ქართული მხარე, ელჩმა უპასუხა, რომ მათ არ იციან რა მოხდა კონკრეტულად საზღვრის მეორე მხარეს, რადგან მათ მუხთარლი საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს და გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ვნახოთ, რას გვიჩვენებს გამოძიება, მაგრამ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაფუჭების ყველა მცდელობა უნდა იყოს უარყოფილი.
ელინ სულეიმანოვი, აზერბაიჯანის ელჩი ამერიკაში
„ჩვენ არ გვჯერა, რომ ამ საქმეში რამენაირად ჩართულია ქართული მხარე, ცხადია, საჭიროა გამოძიების გაგრძელება. ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა მოხდა ქართულ მხარეს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს საზღვრის დამცველთა გაფრთხილების გარეშე და ესაა ის, რაც მოხდა“, - განაცხადა ელჩმა.
სულეიმანოვის თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანს ისტორიულად კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვთ და ერთი კონკრეტული საქმის „პოლიტიკურ პრობლემად“ წარმოჩენა სკანდალის ხელოვნურად შექმნისა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაფუჭების მცდელობას ჰგავს. თუმცა შეკითხვაზე: ვინ შეიძლება ცდილობდეს ამის გაკეთებას, ელჩი კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ გამოძიების პასუხებს უნდა დაველოდოთ.
„ვნახოთ, რას გვიჩვენებს გამოძიება, მაგრამ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაფუჭების ყველა მცდელობა უნდა იყოს უარყოფილი. ჩვენ ვართ მოძმე სახელმწიფოები, ძალიან დიდი ხანია, ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობთ და ვართ მეზობლებზე მეტი - ვართ ძმები და დები, ეს პარტნიორობა კი უნდა გაღრმავდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - ამბობს ელინ სულეიმანოვი.
წყარო: "ამერიკის ხმა".
მასალის გამოყენების პირობები






