,,გულისრევის შეგრძნება მქონდა პირდაპირი მნიშვნელობით ე.წ. პატრიოტთა ალიანსის რუსულ დუმაში შეძრომის კადრების ნახვისას და ეხლაც არ მტოვებს. ჩამოვლენ და შემოეხვევიან ჟურნალისტები, აბა, რა და როგორ მოხდაო. ყველა არხზე ყველა საინფორმაციო ამ სამარცხვინო ამბით იწყებოდა და ალბათ ამჯერადაც ასე შევიქცევთ თავს.
რა მოხდა და - მონების ტრიუმფი და ჩვენთვის სულში ჩაფურთხება კიდევ ერთხელ, უღირსებობის, უთავმოყვარეობის, ლაჩრობის და უნამუსობის საქვეყნო დემონსტრაცია. ეხლა დავიწყებთ ყმობის ახალი პირობების კამერებთან განხილვას მარშანია-ინაშვილის გაუთავებელ კეკლუცობის თანხლებით. მორიგი ამოცანა ხომ ეს არის - რუსეთთან კაპიტულაციის პირობების სადისკუსიო სივრცეში შემოტანა და ჩვენს გულუბრყვილო თავებში ახალი მოლანდებების შექმნა, მტერ-მოყვარის აღრევა, სისხლიანი მოძალადის - მზრუნველად და მხსნელად, მსხვერლის - დამნაშავედ ქცევა, საკუთარის თავის მტერთან დამუნათება და მის ფეხქვეშ გართხმა.
იქნებ არ ღირს ასეთ ყურადღებად რენეგატთა ეს ხროვა. ნამდვილად არ ღირს. ვთქვათ, რომ ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის, არ გვინდა, არ ვიზამთ და მტრის დაკრულზე მათსავით არ ვიკუნტრუშებთ. მტკიცედ ვთქვათ და გავაკეთოთ. მოვექცეთ განდგომილებს ისე როგორც იმსახურებენ, როგორც ყველა ღირსეულ საზოგადოებაში მიაგებენ მოღალატეს.
,,ყველას სახლის კარი დახშული უნდა იყოს მისთვის, ყველა დამუნჯებული უნდა იქმნეს მისთვის პასუხის მისაცემლად, ყველა დაყრუებული უნდა იყოს მის ხვეწნის გასაგებად“,- წინაპართა შეგონების გახსენება ნამდვილად არ გვაწყენდა ამ ბნელეთის ალიანსის მოციქულთა მიმართ“ - წერს მალხაზ პატარაია.
მასალის გამოყენების პირობები






