პარალელურად საქართველოს მთავრობაში კეთდება კომენტარები იმის შესახებ, რომ კანონპროექტი არ გაუქმდება, მაგრამ შესაძლოა გადაიხედოს. რა ელის ოკუპირებულ ტერიტორიებს იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება კანონის გაუქმებას ან რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ შეცვლას გადაწყვეტს?
აღნიშნულ საკითხზე „ნიუპოსტთან“ საუბრისას დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ კანონის შეცვლა რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, დადებითი შედეგის მომტანი არ იქნება საქართველოსთვის. აღნიშნული კანონი ავალდებულებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, არ განახორციელონ არავითარი აქტივობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაეკისრებათ სანქციები. თუ ეს კანონი შეიცვლება, ყოველივე სხვაგვარად იქნება:
„გასაგებია ის, რომ საქართველოში ყველა იურისტი არ არის და იურისპრუდენციის საკითხებში ყველა ვერ ერკვევა. ეს კანონი აწესებს სანქციებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც განახორციელებენ გარკვეულ აქტივობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და თუ რომელიმე სხვა ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი გადაწყვეტს ამ ტერიტორიაზე შესვლას, საქმიანობის განხორციელებას, ამ ადამიანებზე დაწესდება კონკრეტული სანქცია. ეს არის ზოგადი განმარტება.
მთელი დისკუსია რუსული მხრიდან ამ კანონის ლიბერალიზაციასა და შეცვლაზე, ეფუძნება არგუმენტს, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომელებიც აფხაზეთში შედიან, ამ კანონის გამო შემდეგ პრობლემები ექმნებათ ევროპუს ქვეყნებში. არგუმენტად მოჰყავთ თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპები. მათ ავიწყდებათ, რომ ეს ტერიტორია მათ მიერ არის ოკუპირებული, მაგრამ აპელირებენ სხვადასხვა ფასეულობებით, ასეთი დემაგოგია რუსეთს ყოველთვის ახასიათებს.
ამ კანონმა რაც მოგვცა, არის ის, რომ არც რუსული არც სხვა ქვეყნების კომპანიები ინვესტირებას არ აკეთებენ და საქმიანობას არ ახორციელებნ. ბლეფია და ტყულია საუბარი იმის თაობაზე, რომ ეს კანონი ბევრ პრობლემას უქმნის რუსეთის მოქალაქეებს. აფხაზეთში დასასვენებლად ჩასვლა, ტერიტორიაზე რომელიც განადგურებულია, მიწასთან გასწორებულია, არანაირი ინფრასტრუქტურა არ არის, იქ მიდის უღარიბესი რუსი ტურისტი. ჩვენ ამ კუთხით არანაირ ტურისტებს არ ვკარგავთ. ეს არგუმენტი კი არის ტყუილი და დემაგოგია, ეს ბუნებრივია რუსეთს კარგად ესმის და არ აინტერესებს თავისი ღარიბი მოსახლეობა წავა ოკუპირებულ აფხაზეთში ზღვაზე თუ არა. რუსეთს რაც აწუხებს არის ის, რომ რუსული კომპანიები დეიურე იქ ვერ შედიან. ისინი იურიდიულად აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერ ახორციელებენ, როგორც კი ისინი ეცდებიან მსგავსი საქმიანობის განხორციელებას, ეგრევე მოხვდებიან სანქციების ქვეშ. კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ სხვა ქვეყნებში რაღაც აქტიურობების განხორციელება, ბუნებრივია აფხაზეთის გამო არ დაკარგავენ ევროპის ქვეყნების ბაზარს. ისინი ბუნებრივია ვერ გარისკავენ თავისი შემოსავლით იმ ქვეყნებიდან, რომ რამე საქმიანობები განახორციელონ აფხაზეთში.
რუსეთში ყველაზე დიდი ბანკი არის „სბერბანკი“, რომელიც არ შედის არც აფხაზეთში და არც ყირიმში. უკრაინას აქვს იგივე კანონი მიღებული, როგორიც ჩვენ გვაქვს. ანუ ყველაზე მსხვილი ბანკი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას არ შედის ამ ტერიტორიებზე იმის გამო, რომ მის აქტივებს სხვა ქვეყნებში დაემუქრება სანქციები.
ეს კანონი რეალურად რასაც გვაძლევს არის ის, რომ რუსულ კომპანიებს აქტივობის დეიურე განხორციელებას უზღუდავს. უკვე 9 წელი გავიდა ომის შემდეგ და ამ ხნის განმავლობაში ვერაფერს აკეთებენ აფხაზეთში. რუსეთმა წაგვართვა ეს ტერიტორია, ჩაყლაპა იგი, მაგრამ ვერ ინელებს, ვერ გადახარშა. იმიტომ, რომ რუსეთს ფული არ აქვს, რომ ჩადოს აფხაზეთში, სურს დაავალოს რუსულ ბიზნესს, მაგრამ ისინი უარს ამბობენ. რუსეთი ახლა ყველა ღონეს ხმარობს იმისათვის, რომ როგორმე ამ მთავრობას შეაცვლევინოს კანონი და მისცეს შესაძლებლობა ბიზნეს კომპანიებს დაიწყონ აქტიურობა. თუ ეს გამოვიდა, 5 წელიწადში აფხაზეთის მოსახლეობა 100 ათასი კი არა მილიონი იქნება. ამ მილიონში ქართველები კი არ იქნებიან, იქნებიან რუსეთის მოქალაქეები“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






