„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა რურუას თქმით ის ოპოზიციური ძალები, რომლებიც გარკვეული პირობების სანაცვლოდ ოცნებას გაურიგდება და კონსტიტუციის ახალ პროექტს დაუჭერს მხარს თვითლუსტრაციას მოახდენენ და ცხადი გახდება რომ ისინი ბიძინა ივანიშვილთან არიან შეკრულნი:
„ქართული ოცნება უცხადებს საზოგადოებას, რომ მე უნდა ვიყო განუსაზღვრელი ვადით, უნდა თუ არა ეს ხალხს, იმიტომ რომ ისეთი სისტემაა, ხალხის სურვილის შემთხვევაშიც მათი გადარჩევა შეუძლებელი ხდება. ეს არის დეფინიცია ტირანიის, იმისთვის რომ შენ შენი პარტიული ეგოისტური ინტერესები დააყენო ყველაფერზე მაღლა, აბსოლუტურად არ უნდა გაინტერესებდეს ხალხის და ქვეყნის ბედი. ცხადია ეს იქნება თვითლუსტრაცია, ვინც „ოცნებასთან“ დაწყვილდება იმ ნიშნით, რომ „მოდი ერთი ბარტყი გადმომიგდე და მე გავჩუმდები“, ის იქნება პირდაპირ ღიად გადაჯაჭვული და შეკრული ბიძინა ივანიშვილთან.“- განაცხადა ნიკა რურუამ.
კონსტიტუციის მესამე მოსმენით განხილვის და ხმის მიცემის პროცედურის ჩაშლაზე საუბრობს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე:
„ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე, რომელიც თავზე კი არ უნდა გვეხეოდეს, უნდა იყოს ქვეყნის განვითარების მთავარი ფუნდამენტი. მათ ქონდათ იმედი, რომ გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებით რაღაცაზე შეთანხმდებოდნენ, მაგრამ ჩვენ საბოლოო ჯამში პრევენციულმა დარტყმებმა ყველა ოპოზიციურ ძალასთან მიმართებაში ეს პროცესი შეაჩერა. თუ ისინი არანაირ შეთანხმებაზე არ მოდიან, ძალიან მარტივი საკითხი გვაქვს პარლამენტის დარბაზს ქუთაისში აქვს სამი შესასვლელი. სამივე შესასვლელი უნდა გადავკეტოთ , რომ ხმის მიცემის საშუალება არ მივცეთ“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის ნიკა მაჭუტაძის თქმით, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც პატარ-პატარა უმნიშვნელო დათმობების სანაცვლოდ ხელისუფლებას კონსენსუსის ილუზიას შეუქმნიან ღალატში და ვაჭრობაში იქნებიან მხილებულნი:
„დავუპირისპირდებით ყველას და ვამხელთ გარიგებაში, ვაჭრობასა და ღალატში იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს რომლებმაც შესაძლოა პატარ-პატარა უმნიშვნელო დათმობების სანაცვლოდ ხელისუფლებას შეუქმნას კონსენსუსის ილუზია“- განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
ხელისუფლება პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა. მისი თქმით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მიცემული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაღაც კონსენსუსზე საუბარი ზედმეტია:
„5%-იანი ბარიერის გადმოწევა 3%-ზე, ბლოკები და ასე შემდეგ. ეს არის თანმდევი პროცესი. ძირითადი პრონციპული საკითხი არის საარჩევნო სისტემა. ხელისუფლებამ პირობა დადო რომ ამას შეასრულებდა და ეს პირობა დაარღვია. ამ პირობის შესრულების სურვილის გარეშე რაღაც კონსესუსზე საუბარი ზედმეტი მგონია.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
„დაიცავი კონსტიტუციას“ ფორმატში შეკრებილი პარტიები ხვალ შეუერთდებიან ოპოზიციის სხვა ჯგუფს, რომელიც ინტერპარტიულ ფორმატში ატარებს შეხვედრებს. ოპოზიციის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურ სპექტრს ქონდეს ერთიანი მოთხოვნები როგორც ხელისუფლებასთან ასევე ვენეციის კომისიასთანაც.
მასალის გამოყენების პირობები






