ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, ქართველმა და რუსმა დეპუტატებნა ურთიერთობა უნდა აღადგინონ და დღევანდელი შეხვედრა ამის კარგი დასაწყისია:
„მოხარული ვარ გიმასპინძლოთ სათათბიროს შენობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი შეხვედრა არა მხოლოდ ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაც ჩვენს ქვეყნებსა და პარლამენტებს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი სიცივეა, არამედ, როგორც ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, მანამდეც არ იყო ეს ფორმატი დატვირთული. ისე გამოვიდა, რომ ბოლო წლებში პარლამენტარები ძალიან იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს ჩვენთან - სახელმწიფო სათათბიროშიც და საქართველოშიც. ვფიქრობ, რომ ეს არ არის ნორმალური ვითარება. ღმერთმა ინება, რომ ჩვენ ეს ურთიერთობა დავალაგოთ.“ - განაცხადა ლეონიდ კალაშნიკოვმა.
ამასთანავე რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისა და საქართველოს თანამშრომლობაზეც ისაუბრეს და რუსმა დეპუტატებმა NATO-ს მიერ გამართული სწავლებების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს:
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ნატოს სწავლება უფრო ხშირად და ინტენსიურად ტარდება, ვიდრე სააკაშვილის დროს“- აღნიშნა კალაშნიკოვმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის გიორგი ლომიას თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანი ურთიერთობისთვის ინტენსიური სახის მიცემაა, იმისთვის რომ საკითხები გადაწყდეს პრაქტიკულად და არა ქაღალდზე.
მასალის გამოყენების პირობები






