წინა კვირას, სოფელ ბერშუეთთან ოკუპანტმა კიდევ ერთხელ გადმოსწია საოკუპაციო ზოლი, რითაც საქართველოს კიდევ ერთმა მოქალაქემ დაკარგა კუთვნილი მიწის ნაწილი.
ხელისუფლებისგან კი ნომერ პირველი პრობლემის გადაწყვეტის გეგმა არ ჩანს.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არაერთი თხოვნის მიუხედავად, სტრატეგია, თუ როგორ გეგმავს ქვეყანა რუსეთის ქმედებებთან წინააღმდეგობის გაწევას, საქართველოს არ გააჩნია.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია „ნიუპოსტთან“ აღნიშნავს, რომ რუსეთი მთავარი საფრთხეა, თუმცა ეს ფაქტი საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ უღიარებია.
მისი თქმით, რუსეთისგან მომავალი საფრთხეებიდან გამომდინარე, სტრატეგიის განსახორციელებლად პოლიტიკური ნება და ინსტიტუციონალური მექანიზმები უნდა არსებობდეს.
"დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ინტენსიურად მიმართული, ერთიანი სტრატეგიული მიდგომა არ აქვს. ანტიანექსიური პოლიტიკაც სწორედ ამის ნაწილია. ის ინსტიტუტები, რომელთა ფუნქციაა მწყობრი პოლიტიკა შეიმუშაონ, მისი განხორციელება უზრუნველყონ და პროცესზე ზედამხედველობა განახორციელონ, არ მუშაობენ. შესაბამისად, რუსეთი საქართველოს, როგორც სუსტ სახელმწიფოს ისე აღიქვამს და მსგავსი სახის პროვოკაციებით ცდილობს გამოიყვანოს წყობილებიდან, რაც მათი თვალთახედვით და სტრატეგიით ბევრ მიზანს ემსახურება. ერთი ის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაასუსტოს, მოიშალოს ქვეყანაში ეროვნული კონსენსუსი, ფუნდამენტური ფასეულობები, როგორცაა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ცდილობს შეაფერხოს ეს პროცესი, რომ ჯამში ყველაფერმა ერთად ქვეყნის დესუვერენიზაცია გამოიწვიოს" - განუცხადა"ნიუპოსტს" ქუთელიამ.
ექსპერტის შეფასებით, სანამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება არ მოხდება, საქართველო რუსეთიდან ზიანს კიდევ უფრო მწარედ იგრძნობს.
"აბაშიძე-კარასინის ფორმატი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საგარეო პოლიტიკა ინსტიტუტების მიღმა რჩება და ხდება რუსეთთან ზურგსუკან კომუნიკაცია. სანამ არ მოხდება ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება, სადაც ზუსტად იქნება განსაზღვრული მანდატები, ასევე არ მოხდება პროცესში ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების ჩართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო მუდმივად მიიღებს რუსეთისგან ზიანს, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს და მოახდენს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას"- განმარტა ქუთელიამ.
ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვურ ვოიაჟს და პუტინის პარტიასთან მოლაპარაკებებს რუსული პროპაგანდის ნაწილს უწოდებს.
"რუსული პროპაგანდა მხოლოდ საინფორმაციო კამპანია არ არის. ყველა ეს კომპონენტი ნაწილია იმ ჰიბრიდული ომის, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს. ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით რუსულ ინტერესებს ემსახურებიან, სწორედ ამ პროპაგანდის ნაწილები არიან. იმისთვის, რომ მსგავს პოლიტიკურ ავანტიურას სივრცე არ ჰქონდეს, ამისთვის საჭიროა მოსახლეობისა და საზოგადოების მაქსიმალურად მობილიზება"- უთხრა "ნიუპოსტს"ანალიტიკოსმა.
მასალის გამოყენების პირობები






