ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერის განცხადებით რუსეთის ფედერაციასთან პირისპირ, დასავლური პარტნიორების გარეშე დარჩენა დაუშვებელია, რადგან ჩრდილოელი მეზობელი არასდროს შეეგუება იმ საკითხს, რომ საქართველო დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ახორციელებდეს:
„საგარეო პოლიტიკის ისეთი არარსებობა, როგორიც დღეს არის, საქართველოში არცერთი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა. ის, რომ ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ და იყო გარკვეული წარმატებები ამ ხელისუფლების პირობებში, ეს იყო სწორედ წინა ხელისუფლებების სვლა დასავლეთის მიმართულებით, სწორედ ამან გამოიღო შედეგი, ეს არ უნდა დაიკარგოს და აუცილებლად უნდა აღინიშნოს.
ისტორიულად, ხელშეკრულების არცერთი პუნქტი რუსეთის მხრიდან არ შესრულებულა. იგივე 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ეს ყველაფერი არის ყველაზე ოპტიმალური მაგალითი იმისა, რომ რუსეთთან პირისპირ, დასავლური პარტნიორების გარეშე დარჩენა არის დაუშვებელი.
ოკუპაცია არც 2008 წელს დაწყებულა და არც 2008 წელს დასრულებულა. რომელ პოლიტიკურ სუბიექტს როგორ მოსწონს, იმის მიხედვით ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებზე და უსაფრთხოებაზე ნუ ვისაუბრებთ. ოკუპაცია და საქართველო-რუსეთს შორის მტრობა დაიწყო 200 წლის წინ, როდესაც რუსეთმა გადაწყვიტა საქართველოს დამოუკიდებლობის წართმევა, გრძელდება დღემდე, სანამ ის ვერ ეგუება ჩვენს დამოუკიდებლობას. ეს არის მარტივი ფორმულა რუსეთთან მიმართებით, იგი ვერასდროს შეეგუება, სადაც ეს იმპერია იქნება გვერდით, თუ ჩვენ არ გვეყოლება ისეთი ძლიერი პარტნიორები, როგორებიც არიან დასავლელი პარტნიორები და ჩემი აზრით ეს არის ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი“, - აღნიშნავს ქარდავა.
მისივე განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს ტერიტორიების ანექსია ერთ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი არის საქართველოზე ზეწოლა:
„რუსეთი ხან ნაბიჯ-ნაბიჯ ახდენს ჩვენი ტერიტორიების დაპყრობას, ხან კი ოჩოფეხებზე დგას და ისე გვიპყრობს. 2008 წელს ოჩოფეხებით შემოვარდა, ახლა პატარ-პატარა ნაბიჯებით ტერიტორიებს ითვისებს. მას ეს ტერიტორიები არ სჭირდება, მას უნდა ზეწოლის განხორციელება იმისათვის, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა დამოუკიდებლად არ განხორციელდეს. ქვეყნის სტრატეგიული და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით, რუსეთის მიზანი არის ზეწოლა“, - დასძენს პოლიტიკოსი.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი იხსენებს „დიდი ოცეულის“ ფორმატში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას, სადაც საქართველოს საკითხი საერთოდ არ დასმულა. ქარდავა მიიჩნევს, რომ აუცილებელია დასავლურმა მედიამ საქართველო-რუსეთის ვითარებაზე ხმამაღლა ისაუბროს, რათა ტრამპი იძულებული გახდეს არსებულ პრობლემებზე საკითხი დღის წესრიგში დააყენოს:
„ტრამპი-პუტინის შეხვედრის წინ ეს „პრწკენა“ არის ტრამპისთვის, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არ ახსენებს თავს და არსებულ პრობლემებს არც ტრამპს და არც დასავლურ საზოგადოებას, არც მედიაში იწერება არაფერი.
ყველანი ვართ პოლიტიკოსები და ვიცით, რომ ანგარიშს ვუწევთ იმას, რა საზოგადოებრივი აზრიც იქმნება პოლიტიკურ სივრცეში, მედიის გარეშე ეს საზოგადოებრივი აზრი არ შეიქმნება. ასეთივე პოლიტიკოსია ტრამპიც, ოღონდ დიდი მასშტაბის, ამიტომ დიდი მასშტაბის მედიებში ეს პრობლემა ხმამაღლა უნდა იწერებოდეს, რათა ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი. ტრამპს კი რომ არ სურდეს, იძულებული გახდეს ეს საკითხები დააყენოს. ამას ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ და არა ვინმე სხვა ჩვენ მაგივრად“, - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
ედპ-ს ლიდერი ასევე ეხმაურება კარასინი-აბაშიძის ფორმატს, მისი თქმით ამ ფორმატს საქართველოსთვის არავითარი სიკეთე არ მოაქვს, რუსეთი კი ყოველი შეხვედრის წინ სხვადასხვა პროვოკაციებს მიმართავს:
„კარასინ-აბაშიძის ყოველი ფორმატის წინ, პუტინმა განახორციელა მცოცავი ანექსია საქართველოში, იყო გამონაკლისებიც, მაგრამ არცერთ ფორმატს ისე არ ჩაუვლია, რომ რაღაც ბანერი არ გადმოეტანათ ან ვინმე არ გაეტაცათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს ხელისუფლება მინიმუმ იმას უნდა ხედავდეს, რომ მისი სტრატეგია და ეს ფორმატი არის წამგებიანი და არანაირი შედეგი არ მოაქვს. ზურაბ აბაშიძე იძახის, რომ ეს პოლიტიკური თემები არ არისო, მაგრამ ყოველი მისი შეხვედრის წინ ასეთ პოლიტიკურ ფასს გვთხოვს რუსეთი. ჩვენ როცა ამ ფასზე პასუხი არ გვაქვს, ჩვენ ვმარცხდებით ყოველ დღე ნაბიჯ-ნაბიჯ“, - მიიჩნევს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი.
მასალის გამოყენების პირობები






