აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომლის მორიგი რაუნდიც გასულ კვირას გაიმართა - შეხვედრის შედეგები ზემოთ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით არ ჩანს. უფრო მეტიც, არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გრიგორი კარასინი ე.წ. საზღვრების დადგენას საქართველოს ტერიოტორიაზე სრულებით ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს.
დიდი ოცეულის შეხხვედრა, რომელიც ასევე გასულ კვირას გაიმართა - დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა შეხვედრისას განხილვის საკითხები უკრაინა და სირიის კრიზისი იყო, საქართველოზე კი არაფერი თქმულა. აღნიშნულის ფონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებისთვის ყველა საერთაშორისო დონის შეხვედრაზე ნომერ პირველი განსახილველი საკითხი ოკუპაციაა. გიორგი კვირიკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ტყუის, საქართველოს კი საერთაშორისო რადარებიდან გამქრალია:
„მთელ მსოფლიოში აღიარებულია, რომ 21-ე საუკუნე კომუნიკაციების საუკუნეა და ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება. ინფორმაციის დამუშავება კი არის ძალიან მარტივი. ზოგჯერ პრემიერ-მინისტრის განცხადებებზე მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ის ბრეჟნევის ეპოქაშია ჩარჩენილი. როდესაც იყო ერთი ან ორი სახელმწიფო ტელევიზია და ის რასაც კომუნისტური პარტია თვლიდა სწორედ, სწორედ ის იყო უდაო ჭეშმარიტება. დღეს ჩვენ ბრეჟნევის ეპოქა არ გვაქვს, გვაქვს 21-ე საუკუნე და ინფორაციას ვერ დამალავ.
ყველამ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ დიდი ოცეულის შეხვედრა, სადაც იყო საუბარი უკრაინაზე, სირიაზე, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო საუბარი საქართველოზე. პრემიერ-მინისტრმა რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, რომ მთავრობა ბრწყინვალედ მუშაობს, ფაქტი ხომ ფაქტად რჩება? ჩვენი ტერიტორიების 20% არის რუსეთის მიერ ოკუპირებული, დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში განლაგებულია რუსული ბაზები, მაგრამ დიდი ოცეულის შეხვედრაზე განიხილება სირია, უკრაინა, მაგრამ არ განიხილება საქართველო, არა თუ არ განიხილება, არამედ საერთოდ არც ახსოვთ რომ საქართველო არსებობს. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ არც საგარეო საქმეთა სამინისტრო, არც მთლიანად მთავრობა არ ცდილობს ამ საკითხის მობრუნებას, სამწუხაროდ სტატუს ქვოდ გვაქვს ქცეული, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული. ამაზე ჩვენი მთავრობა არ ფიქრობს, სხვა ქვეყნების მთავრობები რომ არ იფიქრებენ ეს ბუნებრივია, ამ ფონზე რა თქმა უნდა მცოცავი ოკუპაცია გაგრძელდება და არავინ აღარ გაგვიხსენებს.
ხელისუფლება იტყუება, ეს არის ცალსახა და მარტივი პასუხი. ბოლო 4 წლის განმავლობაში არსებობს თუ არა ერთი რეალური შედეგი გამომდინარე იქიდან, როგორც თვითონ ამბობენ, ეს საკითხი ხელისუფლებამ საერთაშორისო დონეზე დღის წესრიგში დააყენა? მე მრჩება შთაბეჭდილება, როგორც ჩრდილოეთ კორეაში ყვებიან რომ მათი ასტრონავტი მზეზე ღამით დაჯდა და უკან დაბრუნდა, ცოტახანში ალბათ ასეთ რაღაცებს მოგვიყვებიან. ჩემთვის კვირიკაშილის სიტყვები აბსოლუტურად იგივეა, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადება. ერთ ნაბიჯს ვერ დამისახელებთ, რამაც რაღაცით წინ წამოწია ოკუპაციის საკითხი“, - განაცხადა შაშკინმა.
მისივე თქმით კარასინი-აბაშიძის ფორმატს საქართველოსთვის არავითარი სიკეთე არ მოაქვს, რადგან პრაღაში დროსტარების მეტი არაფერი ხდება:
„კარასინი-აბაძშიძის ფორმატის შედეგები არ არსებობს. ამ ადამიანებს, გარდა იმისა, რომ პრაღაში დროს ატარებენ, სხვა არაფერი გაუკეთებიათ. რასაც ასაღებენ დიდ წარმატებად, რუსეთის ბაზარზე მწვანილის შეტანას, ეს მათი დამსახურება არ არის, ეს არის დამსახურება იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ, როდესაც რუსეთს მისცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების უფლება, ეს იყო ჩადებული როგორც პირობა, რომ რუსული ბაზარი გაიხსნებოდა ჩვენი პროდუქციისთვის“, - აცხადებს ყოფილი მინისტრი.
დიმიტრი შაშკინი რუსეთის ფედერაციას ხულიგანს უწოდებს, რომელიც საქართველოს სულ უფროდაუფრო ავიწროვებს, რადგან ქვეყნის ხელისუფლება არ აჩვენებს ჩრდილოელ მეზობელს ძალას იმაში დასარწმუნებლად, რომ საქართველო ქვეყანაა:
„ჩვენი მთავრობა ბოლომდე დაუწვა რუსეთს იმ იმედით, რომ ამას მას რუსეთი დაუფასებს. რუსეთი არის მსოფლიო დონის ხულიგანი ქვეყანა, როემლზეც ჩერჩილი ამბობდა, ერთადერთი რასაც ეს ხულიგანი სცემს პატივს, არის ძალა. საუბარი არის იმაზე, რომ თუ არ აჩვენებ საკუთარ ძალას, არ აჩვენებ იმას, რომ შენ ქვეყანა ხარ, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა შეუძლება, ხულიგნის ლოგიკით უფრო მეტს დაგჩაგრავს. ხულიგანი თუ დაინახავს რომ მის წინააღმდეგ არის ძალა, იგი აგრესიას შეიკავებს, ამ მთავრობამ რუსეთს აჩვენა, რომ ჩვენ ვართ სუსტები და გვირტყამს და გვირტყამს. ახლა კი იმ დონემდე გავიდა, რომ თუ ადრე მთავარი ხულიგანი იყო პუტინი, ახლა ამ ხულიგნის მონები ცხინვალში ჩვენ გვირტყამენ“, - დასძენს შაშკინი.
14 ივნისს თბილისში დაგეგმილია მარში ემიგრანტების წინააღმდეგ, „ნიუპოსტთან“ საუბრისას შაშკინი აღნიშნულ საკითხზეც აკეთებს კომენტარს და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მსგავსი მსვლელობები „პლეხანოვზე“ არ უნდა იმართებოდეს, თუ საზოგადოებას აწუხებს არალეგალური ემიგრაცია პასუხი ამისათვის ხელისუფლებას უნდა მოეთხოვოს:
„როდესაც ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, იმის ნაცვლად, რომ ვაპროტესტოთ ოკუპაცია, დავიცვათ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ვსაუბრობთ რაღაც მარშებზე.
მე ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი მოსაზრება, მე ვთვლი, რომ თუ ვინმეს აქვს სურვილი ჩაატაროს მარში, დემოკრატიულ ქვეყანაში მას ამის საშუალება უნდა ჰქონდეს. ჩემთვის როგორც ადამიანისთვის, მართლა გაუგებარია, რა უნდათ და რა მიზანს ემსახურებიან. რეალურად ამოცანა გარდა პროვოკაციისა ბუნდოვანია.
ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი არჩევანი, არსებობს ლეგალური ემიგრაცია და არალეგალური ემიგრაცია. საუბარია არალეგალურ ემიგრაციაზე, თუ ჩვენ გვინდა ღია ქვეყანა, ტურიზმი და გვინდა ღია ქვეყნის შექმნა, უნდა გვესმოდეს რომ ამას მოყვება არალეგალური ემიგრაცია, ეს არის მოცემულობა, რომელსაც ვერ გაექცევი, სახელმწიფომ უნდა აამოქმედოს შესაბამისი ბერკეტები, რომ არალეგალური ემიგრაცია არ ხორციელდებოდეს, ასეთი ბერკეტები კი სახელმწიფოს გააჩნია, ხელისუფლებას საზღვრების დაცვა კონსტიტუციით ავალია. მაშინ, როცა მე ქვეყნის ყოველ დატოვებაზე და უკან დაბრუნებაზე აეროპორტში 30 წუთი მალოდინებენ და მამოწმებენ, რადგან ამ ხელისუფლებამ რაღაც არარეალურ შავ სიაში ჩამსვა, არალეგალური ემიგრაცია როგორც ხორციელდება? თუ მთავრობას გააჩნია რესურსი, რომ მე შემამოწმოს 30 წუთის მანძილზე, სხვა შემთხვევაში რატომ არ მოქმედებს ეს ბერკეტები? თუ ჩვენ ვებრძვით არალეგალურ ემიგრაციას, მაშინ მარში პლეხანოვზე კი არ უნდა ჩავატაროთ, პასუხი და მოქმედება უნდა მოვთხოვოთ ჩვენს მთავრობას“, - განმარტავს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






