ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დემირელის კოლეჯის მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი არ მიანიჭა. აღნიშნულის შესახებ სამინისტროში დღეს ბრიფინგი გაიმართა, სადაც გაკეთდა განმარტებები გადაწყვეტილების შესახებ:
„დღეს ლტოლვილთა სამინისტრო დაასრულა თურქეთის მოქალაქის მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე წარმოებული პროცედურა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად საქართველოში თავშესაფრის მიღების თხოვნით მომართა ლტოლვილთა სამინისტროს.
ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ბატონ ჩაბუქთან მიმართებით განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თავშესაფრის პროცედურა, კერძოდ, მას ჩაუტარდა გასაუბრება, სრულად იქნა შესწავლილი როგორც მისი, ასევე სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ. თურქეთის მხარის მიერ მოწოდებული საექსტრადაციო მასალები. ყველა დოკუმენტისა და ინფორმაციის შესწავლის შემდგომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ბატონი ემრე ჩაბუქისათვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე უარის თქმის შესახებ.
სამინისტრო ბატონი ემრე ჩაბუქის პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალურობის პრინციპის გათვალისწინებით, არ ასაჯაროებს მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს და არგუმენტაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განაცხადოს შემდეგი:
ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვნცია ითვალისწინებს თავშესაფრის მაძიებლისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო დევნის საფუძვლით, ბატონი ემრე ცაბუქის განაცხადის შეფასებისას გაანალიზდა თუ რამდენად ჰქონდა უწინ და ამჟამად რამდენად ემუქრება ბატონ ჩაბუქს თურქეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური ნიშნით დევნა. ასევე გათვალისწინებული იქნა 2016 წელს თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები.
ამასთან ერთად, გათვალისწინებული იქნა ბატონ ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურა და სამინისტრომ მხედველობაში მიიღო თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ქართული ხმარისათვის, კონკრეტულად ბატონი ჩაბუქის მიმართ წარმოდგენილი დიპლომატიური გარანტიები.
სამინისტრომ ბატონი ჩაბუქის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა თურქეთში არსებული მდგომარეობასთან დაკავშრებით წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის უახლესი ანგარიში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები დიპლომატიურ სტანდარტებთან დაკავშრებით, ისევე როგორც თურქეთის რესპუბლიკის ციხეებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის ფუნქციით, ომბუდსმენისა და ადამიანის უფლებათა და თანასწორობის ინსტიტუტების შექმნისა და ფუნქციონირების ფაქტი.
ასევე, მხედველობაში იქნა მიღებული ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისის ანგარიშები, ყოველივე ზემოაღნიშნული გაანალიზების შედეგად, სამინისტრომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ბატონი ემრე ჩაბუქისათვის საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლით.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აქვს სამინისტროს გადაწყვეტილების საქალაქო სასამართლოში გასაჩივრების უფლება, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, სასამართლო განხილვის ვადაში, მას საქართველოს კანონმდებლობით უნარჩუნდება თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი.
ამასთან, ლტოლვილთა სამინისტროს მიერ თავშესაფრის მინიჭების უარის თქმა არ იწვევს პირის ექსტრადიციას წარმოშობის ქვეყანაში“, - განაცხადეს სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები






