საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს საკონსტიტუციო დიალოგის დაწყებას 10 ივლისიდან სთავაზობს. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ჟურნალისტებთან დღეს გააკეთა და აღნიშნა, რომ საჭიროა, უახლოეს ხანებში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები დისკუსიის დასაწყებად და იმ საკითხთა ნუსხაზე ჩამოსაყალიბებლად, რომელთა შესახებაც კონსენსუსთან დაკავშირებით მზაობა არსებობს.
საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის ინიციატივას ემხრობა და გამოთქვამს მზადყოფნას პროცესში ჩართულობასთან მიმართებით, როგორც „ნიუპოსტს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ მთავრობამ პარლამენტიდან არსებული პროექტი გაიწვიოს და დაიწყოს რეალური კონულტაციები ახალი კონსტიტუციის პროექტის შესაქმნელად, სადაც საზოგადოების აზრი იქნება გათვალისწინებული:
“ჩვენ აუცილებლად შევუერთდებით ამ დიალოგს პრეზიდენტთან ერთად, რადგან ფაქტობრივად კონსტიტუციის ეს პროექტი არის მხოლოდ ერთი პარტიის და ეს პროექტი მიუღებელია ქართველი ხალხისათვის. ხალხის სახელით იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ ხალხს წარმოადგენს არჩევნებში პოლიტიკური პარტიები, არ არსებობს ერთი პოლიტიკური პარტიაც კი, რომელიც ამ კონსტიტუციას უჭერდეს მხარს. ხალხის ხმას გამოხატავს ინტერესთა ჯგუფებით გაერთიანებული არასამთავრობო სექტორი. ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია წინააღმდეგია ამ კონსტიტუციის, ამ კონსტიტუციის წინააღმდეგია ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა, უცხოეთის დიდი ორგანიზაციები და მათ შორის ვენეციის კომისია, ამის წინააღმდეგია ქვეყნის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, არ დარჩა რაიმე სტრუქტურა, რომელიც რაიმე ფორმით იყოს არჩეული ხალხის ინტერესის გამომხატველად და რომელიც ემხრობა ამ კონსტიტუცია.
გამოსავალი არის ერთადერთი, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გამოიწვიოს ეს კონსტიტუცია პარლამენტიდან. ის რომ ორი მოსმენით მიღებული დოკუმენტის ჩასწორებას გეგმავს მთავრობა და მმართველი უმრავლესობა ელოდება შემოთავაზებას ოპოზიციისაგან, ეს არის თვალთმაქცობა, ვინაიდან, მესამე მოსმენით მხოლოდ რედაქციული ხასიათის შესწორება ხდება, კონსტიტუციაში რაიმე ცასწორება ამ საკანონმდებლო პროცედურებით შეუძლებელია, ერთადერთი შესაძლებელი ვარიანტი არის ამ დოკუმენტის უკან გახმობა და რეალურად ახალი საკონსტიტუციო პროცესის დაწყება, სადაც იქნება გათვალისწინებული საქართველოს მოსახლეობის აზრი“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






