უშიშროების საბჭოს მდივანი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლებიც სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებისგან საოკუპაციო ზოლის გადმოწევის გამო, უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს.
მისი თქმით, სხდომის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს.
უშიშროების საბჭოს მდივნი ბერშუეთთან სახელმწიფო საზღვრთან საოკუპაციო ბანერის აღმართვის კომენტირებისას არაღიარების პოლიტიკის გამკაცრებასა და ახალი მიდგომების ჩამოყალიბებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„უშიშროების საბჭოს ჩანიშვნა ხდება იქიდან გამომდინარე, როდესაც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი. იმაზე დაყრდნობით თუ რა შეთავაზებები გვექნება ახალ მიდგომებთან დაკავშირებით, რა კონსულტაციებსაც გავივლით, მერე პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. საქართველოს სჭირდება და აუცილებელია, ახალი მიდგომების ჩამოყალიბება, ახალ სტრატეგიაზე ფიქრი, ამაზე საქართველოს პრეზიდენტი ხშირად საუბრობს. ის, რასაც საქართველომ მიაღწია და წარმატებით მიაღწია თავის პარტნიორებთან ერთად, არაღიარების თვალსაზრისით, გასამყარებელია ახალი მიდგომებით. აუცილებელია ამგვარი, ნაბიჯ-ნაბიჯ გადადგმული ანექსიის და ნაბიჯ-ნაბიჯ გამყარებული ოკუპაციის საწინააღმდეგო პოლიტიკის შემუშავება,“ - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.
რაქვიაშვილი საზოგადოებრივი აქტიურობას მიესალმება, თუმცა აქვე აცხადებს, რომ უფრო უნდა გააქტიურდეს პარტნიორების ჩართულობა.
„საქართველოს პრობლემატიკა ცდება ქვეყნის გეოგრაფიულ საზღვრებს. ეს არის მთლიანად ევროპული და ცივილიზებული სამყაროს პრობლემა“, - აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივანი.
მასალის გამოყენების პირობები






