ხატია დეკანოიძე ივანიშვილის გუნდს საერთშორისო ბერკეტების არგამოყენებაში ადანაშაულებს.
"საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა რუსეთის ოკუპაციას წინ აღუდგეს. მოგეხსენებათ, რომ ცენტრალურ მაგისტრალამდე 400 მეტრია დარჩენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ოკუპანტმა შეიძლება მაგისტრალი ნებისმიერ დროს გადაკეტოს. ივანიშვილის ხელისუფლება კი ოკუპანტების წინააღმდეგ არცერთ ბერკეტს, არცერთ ინსტრუმენტს არ იყენებს. საერთაშორისო დღის წესრიგიდან საქართველოს ოკუპაციის საკითხი მთლიანად მოხსნილია. მეტსაც გეტყვით, G20- ის სამიტზე, უკრაინის საკითხი ყველაზე მწვავედ დგას, საქართველოს ოკუპაციაზე კი ხსენებაც კი არ არის. ეს არის შედეგი იმისა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ ყველანაირი მექანიზმი უკან და პუტინთან პოლიტიკურ კეკლუცობას აგრძელებს, რაც არის პირდაპირი ნიშნული იმისა, რომ ოკუპაცია გრძელდება და ოკუპანტები ცენტრალურ მაგისტრალამდე ჩამოვიდნენ.
რასაკვირველია კრემლის განცხადებები ყოველთვის იქნება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, მაგრამ საქმე იმაშია, რა კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებს უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება"- განუცხადა "ნიუპოსტს" ხატია დეკანოიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატის გაუქმების და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს.
"ეს ფორმატი არანაირი შედეგის მომტანი არ არის. უფრო მეტიც, ეს არის პოლიტიკური კეკლუცობის მანევრირების გაგრძელება, რომელიც 2012 წლიდან დაიწყო ივანიშვილის გუნდმა. შედეგად კი საქართველოს ყოველდღიურად ოკუპაცია მივიღეთ. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებისგან გადამწყვეტი მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღებას არ ველოდებით"- განმარტა ოპოზიციის ლიდერმა.
ხატია დეკანოიძე მმართველი გუნდის პოზიციას, რომლიც ოკუპაციის მიუხედავად რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს, ქართული ოცნების დღის წესრიგს უწოდებს.
"მთავარი იყო, ის რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დონეზე არ მოხსნილიყო. რომელ დიალოგზე საუბრობენ, როდესაც ოკუპაციის ხაზი მაგისტრალამდე ჩამოვიდა?! ეს მართლაც საგანგაშოა - არცერთ საერთაშორისო დონის მოლაპარაკებებზე, სამიტებზე არ ფიგურირებს ოკუპაციის საკითხი. ფორმატი, რომელიც ოცნებამ გამოიგონა, აბსოლუტურად უუნაროა, პასუხისმგებლობა კი ხელისუფლებას ეკისრება"- უთხრა "ნიუპოსტს" ენმ-ს წევრმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური თბილისის პრეტენზიებს ბოდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებს.
ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს საინფორმაციო პროვოკაციაში ადანაშაულებს.
შეგახსნებთ, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართეს, რის გამოც რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა.
მასალის გამოყენების პირობები






