უბედური შემთხვევა თბილისში - გუშინ გვიან ღამით ზღვაში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი.
როგორც „ნიუპოსტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდათ, მყვინთავებმა შეძლეს ორი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული. ცხედრები კი პროზექტურაში გადაასვენეს.
დაშავებულები ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს და თავს კარგად გრძნობენ. გარდაცვლილია ერთი რუსეთის მოქალაქე, იგი ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან გუშინ ჩამოვიდა მეგობართან ერთად. რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, იგი ტაქსის მძღოლია, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და "ოპელის" მარკის ავტომობილი წყალში გადავარდა.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სამშველო ჯგუფები. წყლიდან ავტომობილის ამოტანა მოხერხდა.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი 7-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
მასალის გამოყენების პირობები






