კოალიციას მიაჩნია, რომ აღნიშნული კონკურსის შედეგები არის უსამართლო, არ იძლევა რეალური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას და ის უნდა გაუქმდეს, შემდეგი მიზეზების გამო:
„საუკეთესო ხუთეულში, და შემდეგ მთავრობის მიერ შერჩელ სამეულში, სახელისუფლებო წარმომადგენლების მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად ვერ მოხვდნენ ძალიან მაღალი კომპეტენციისა და რეპუტაციის მქონე კანდიდატები, მაშინ როდესაც შეირჩნენ მეტად საკამათო კვალიფიკაციის და რეპუტაციის კანდიდატები.
ხელისუფლებამ აღნიშნული კონკურსი გამოიყენა როგორც ინსტრუმენტი, სასამართლო სისტემისთვის მიუღებელი გზავნილის გასაგზავნად, რომ მორჩილი მოსამართლეები იქნებიან წახალისებული, ხოლო დამოუკიდებელი და კომპეტენტური კადრები - მიზანმიმართულად დაბლოკილი მაღალი სამოსამართლეო თანამდებობების გზაზე.
აქედან გამომდინარე არ მივიჩნევთ მიზანშეწონილად ევროპის საბჭოს მიერ იმ სიის განხილვას, რომელიც წარდგენილ იქნა კომისიის და შემდგომ მთავრობის მიერ.“- აღნიშნულია განცხადებაში.
კოალიცია ევროსაბჭოს მიერ სამკაციანი სიის არდამტკიცების შემდეგ, ხელახლა გამართული კანდიდატთა შესარჩენი კონკურსისას კომისიის საქმიანობას უარყოფითად აფასებს და თვლის, რომ კომისიამ ამჟამადაც ვერ გაართვა თავი მისიას.
„ისევე, როგორც წინა კონკურსში, მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კომისიის საქმიანობაში ჩვენმა უშუალო მონაწილეობამ ნათელი გახადა, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენელი წევრების მიერ გაკეთებული შეფასებები, ეფუძნებოდა არა დადგენილებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატთა შესაბამისობის დადგენას, არამედ - მიზნად ისახავდა წინასწარ განსაზღვრული კანდიდატების უპირობო მხარდაჭერას და მათ მთავრობისადმი წარსადგენ კანდიდატთა შორის მოხვედრის უზრუნველყოფას. შედეგების გამოცხადებისთანავე, როგორც კოალიციის წარმომადგენლის ისე, სახალხო დამცველის მხრიდან ეჭვქვეშ დადგა კომისიის ზოგიერთი წევრის ობიექტურობის საკითხი, გაკრიტიკებულ იქნა კეთილსინდისიერი და მაღალი კომპეტენციის კანდიდატების დარჩენა სიის მიღმა.
წარმოდგენილი კონკურსი და შერჩეული სამეულში მაღალი კომპეტენციის კონკურსანტების ვერ მოხვედრა, კომისიის სახელისუფლებო წევრების მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად, წინასწარი განზრახვით, მიზნად ისახავდა სიის ისეთი კანდიდატებით დაკომპლექტებას, სადაც პრაქტიკულად უკონკურენტო გამოჩნდებოდა ერთ-ერთი კანდიდატი. მართალია, საუკეთესო სამეულში მოხვდნენ ადამიანები, ვინც კომისიის ფართო შემადგენლობის (მათ შორის კოალიციის წარმომადგენლის, სახალხო დამცველის და სხვ) დადებითი შეფასება დაიმსახურა, თუმცა, აქ არსებითია ის გარემოება, რომ ამ ადამიანებს, კომისიის სახელისუფლებო წევრების შეთანხმებული მოქმედებით ხელოვნურად და უსამართლოდ ჩამოაშორეს სხვა ძლიერი კონკურენტები, რომლებსაც მიზანმიმართულად კომისიის სახელისუფლებო წევრებმა დაუწერეს მინიმალური ქულები, მაშინ როდესაც მათ ძალიან მაღალი შეფასებები მისცეს კომისიის არასახელისუფლებო წევრებმა და ეს ადამიანები მაღალი რეპუტაციით სარგებლობენ პროფესიულ წრეებსა და საზოგადოებაში.
მაგალითად, კონკურსში სასამართლო ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი მონაწილეობდა, თუმცა სახელისუფლებო წევრების მხრიდან ყველაზე დაბალი შეფასებები დაიმსახურეს სამოსამართლო კორპუსის ცნობილმა წარმომადგენლებმა (ნინო ბაქაქური, ქეთევან მესხიშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი), მაშინ როცა ძალიან მაღალი შეფასებები დაიმსახურეს საკამათო კომპეტენციის და კვალიფიკაციის მქონე მოსამართლეებმა (თამარ ალანია, შოთა გეწაძე ), რომლებიც ამავდროულად არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და ამ სტატუსით მიღებული უკანონო და თვითნებური გადაწყვეტილებების გამო, რომლებმაც კრიზისში შეიყვანა საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა, არაერთხელ გამხდარან სამოქალაქო საზოგადოების მწვავე კრიტიკის სამიზნე.
ამასთან, სახელისუფლებო წევრების მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად, კომისიის მიერ შერჩეულ საუკეთესო ხუთეულს მიღმა დარჩნენ მაღალი კვალიფიკაციის და რეპუტაციის მქონე სხვა იურისტებიც (მაგალითად, კონსტანტინე კორკელია, ბესარიონ ბოხაშვილი), რომლებსაც ადამიანის უფლებათა სფეროში, მათ შორის უშუალოდ სტრასბურგის სასამართლოსთან მიმართებაში მუშაობის არაერთწლიანი გამოცდილება, მაღალი სამეცნიერი ხარისხი და სხვა მნიშვნელოვანი ღირსებები გააჩნიათ.
გვსურს, დამატებით, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის მომწესრიგებელი კანონმდებლობასა და გამოვლენილი ხარვეზებზე:
ჩატარებულმა კონკურსებმა გვაჩვენა, რომ კომისიის დაკომპლექტების წესი გადასახედია. მიზანშეწონილი არ არის კომისიის მუშაობაში ჩართული იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვინაიდან საბოლოოდ სტრასბურგში გასაგზავნ სიაში კანდიდატების შერჩევა საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა, მიზანშეწონილია რომ შერჩევის ეტაპზე კომისია უპირატესად დაკომპლექტებული იყოს ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი კადრებით და არა ამა თუ იმ სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლებით.
აღსანიშნავია, რომ კომისიის დებულება არ არეგულირებდა ინტერესთა კონფლიქტის საკითხს, ასევე უზრუნველყოფილი არ იყო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების მექანიზმი.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესარჩევ ორივე კონკურსში რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით დაფიქსირდა რადიკალურად განსხვავებული შეფასებები, რაც კითხვის ნიშნებს აჩენდეს კომისიის წევრების ობიექტურობასთან დაკავშირებით.
შეჯამების სახით ავღნიშნავთ: ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიციას მიაჩნია, რომ ეროვნულ დონეზე მეორედ ჩატარებული კონკურსიც არ შეესაბამება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „მოსამართლეთა ნომინირების და არჩევის შესახებ“ რეზოლუციის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში თავიდან უნდა იქნეს აცილებული პროცესის პოლიტიზირება.“- აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






