ელიავას ბაზრობაზე იმყოფება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, საეჭვოა ბოლო დროს ხანძრის გაჩენის შემთხვევები.
„ყველაზე არსებითია ერთი რამ - რატომ ხდება, რომ რამდენიმე თვეში ერთხელ ხანძარი უჩნდებათ ბაზრობებს? ეს ეჭვი კიდევ უფრო მძაფრია იმის გგამო, რომ პროკურატურამ არ გამოიძია წინა ხანძარი. ბავშვთა სამყაროს ხანძარზე დაიდო რამე დასკვანა? რომ დაედოთ კიდევ დავიჯერებდით, იმ ხალხს ამბუჩად იგდებდნენ. ნარმანიას ძინავს ალბათ, იმათ ოცნების თბილისი და დოლარებიანი თბილის ელანდებათ. თუ ვინმემ გააჩინა ეს ხანძარი უნდა დასაჯონ, ხალხი ლუკმაპურის გარეშე დარჩა. ვინმემ იცის ვინ იყო დამნაშავე ბავშვთა სამყაროს ხანძრის დროს? ამიტომ ჩნდება ეჭვი. რომელი ბაზრობაა კიდევ რიგში არავინ იცის. ესენი ძალიან ცუდად დაამთავრებენ. რამდენი ადამიანი იდგება საკრებულოს შემოსასვლელთან კომპენსაციისთვის არავინ იცის. ხალხი ამბობს, რომ სახანძრო მოვიდა და წყალი არ ჰქონდათ. ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ძალიან დაგვიანებით დაიწყო ჩაქრობა“ - განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი ხოშარაულის ქუჩაზე ავტონაწილების ბაზრობას გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საბურავების მაღაზიაში გაჩნდა. სახანძრო ბრიგადებმა მისი ლიკვიდაცია მოახერხეს, თუმცა აალებადი ნივთიერებების გამო, ის განახლდა და ცეცხლი ცოტა ხნის წინ ჩააქრეს.
მასალის გამოყენების პირობები






