როგორც აბაშიძემ "ნიუპოსტს" განუცხადა, ჟურნალისტის ვიზიტის შესახებ ტელეეთერიდან გაიგო.
"მართალი გითხრათ, იმ ფორუმის შესახებ, სადაც მამონტოვი იღებს მონაწილეობას მედიის საშუალებით გავიგე. აღნიშნული ფორუმი NGO-ების მიერაა მოწყობილი და მასში მონაწილეობას იღებენ რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ექსპერტული და მედია წრის წარმომადგენლები"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
"ნიუპოსტის" კითხვაზე დაარღვია თუ არა კანონი მამონტოვმა, რომელიც 2009 წელს ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო ერთხელ უკვე დეპორტირებულია საქართველოდან, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ამბობს:
"მედიიდან ვიცი, რომ ეს ადამიანი, 2009 წელს უკან შეაბრუნეს, აქ დანაშაულის ვადის ხანგრძლივობის მომენტია და შეიძლება ეს იყოს... ზუსტად ვერ გეტყვით, მე არანაირი შეხება არ მქონია, ამ მამონტოვს საერთოდ არ ვიცნობ. ძალაშია თუ არა დანაშაულის ხანგრძლივობა, თუ პირს 2009 წლის შემდეგ კანონი არ დაურღვევია ეს სპეციალისტმა უნდა გაარკვიოს"- განმარტა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, თბილისში რუსეთის მიერ ორგანიზებული სამხრეთ-კავკასიური მედიაფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ექსპერტული და მედია წრის წარმომადგენლები. მედიაფორუმის ფარგლებში ღონისძიებები 29-30 ივნისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






