ლევან ალაფიშვილი პოლიტიკური ელიტის დეფიციტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა პარტიულ ინტერესებს აყენებს.
"ვენეციის კომისიის სხვაგვარი რეაქცია გასაკვირიც კი იქნებოდა. ეს გახლავთ ორგანიზაცია, სადაც გაერთიანებულნი არიან პროფესიონალები. კომისიის ავტორიტეტი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შენდებოდა და ის ანგარიშგასაწევია არამხოლოდ ახალი, გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებისთვის, არამედ ჩვენზე წინ მდგომთათვისაც. შესაბამისად, ნებისმიერი სახელმწიფოს მცდელობა, რომელიც შეიძლება ამ ავტორიტეტის იმდაგვარად გამოყენებას ცდილობდეს, როგორც ეს ჩვენმა მთავრობა სცადა და გააკეთა, ბუნებრივია ადექვატურ რეაქციას გამოიწვევს, რადგან აქ თავისთავად პრესტიჟის, პროფესიონალიზმის საკითხი დგება.
იმედი მაქვს, რომ ეს რეაქცია არ გადაითარგმნება, რაიმე სხვა გადაწყვეტილებებში და გაგრძელება არ ექნება, რადგან შეიძლება ნეგატიური კონტექსტით განვითარდეს და ზიანი შეიძლება მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოს და არა მთავრობას ან პარლამენტს, რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს.
კონსტიტუცია, ვენეციის კომისიასთან ურთიერთობა, ევროპელ პარტნიორებთან კომუნიკაცია- მსგავსი მნიშვნელობის საკითხებზე ჩვენს პოლიტიკურ ელიტაში დეფიციტია, ისინი ვერ ახერხებენ სახელმწიფოებრივი ინტერესები იყოს დომინანტი და არა ვიწროპარტიული პოლიტიკა"- განუცხადა "ნიუპოსტს" ლევან ალაფიშვილმა.
კონსტიტუციონალისტმა ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანის განცხადებაც გაიხსენა, სადაც უცხოელი მაღალჩინოსანი იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ფართო კონსენსუსით მიიღება.
"ევროასოცირების სამი წლის თავზე, რომელიც ასე ზარ-ზეიმით მივიღეთ, როცა ევროკავშირის წარმომადგენელი მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს საკმაოდ შემაშფოთებელი და დამაფიქრებელი უნდა იყოს არამხოლოდ მთავრობისთვის, არამედ საზოგადოებისთვის - რა გვჭირს?! რეალურად ხელისუფლებას ეს მანდატი ჩვენ მივეცით"- განმარტა ალაფიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






