ბათუმი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესს მასპინძლობს. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებიან.
კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი:
„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ბათუმში ვმასპინძლობთ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესს. საქართველო ამაყია იმით, რომ სამი წლის განმავლობაში ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის ხელმძღვანელი ქვეყანა ვიყავით. ეს აღიარება არის მნიშვნელოვანი, რადგან ის ასახვას ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობას, იმას რომ ახალი დემოკრატიის ქვეყანა, შედარებით ახალი საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუტით, უკვე იმ სტანდარტების ფარგლებში მოღვაწეობდა, რომ იყო აღიარებული თავის კოლეგებს შორის. ამ დარბაზში ესწრებიან ადამიანები, ვინც ამ წლების განმავლობაში იყვნენ შემოქმედნი, ადამიანები ვინც ქმნის ერთიან ევროპულ სამართლებრივ სივრცეს, ვინც აფუძნებს იმ ღირებულებებს, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხებისა და ჩვენი საზოგადოებებისათვის. სწორედ ევროპული ფასეულობები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, პლურალიზმი, მრავალპარტიულობა, ღიაობა, დიალოგი არის ის ფუნდამენტური ღირებულებები რომლის ირგვლივაც ჩვენი ქვეყნები ვითარდებიან.
თუმცა, ჩვენ უნდა გავიაზროთ ის ფაქტიც, რომ დღეს ჩვენ ვართ მოწმე ამ ღირებულებების მიმართ განხორციელებული, დასმული გარკვეული კითხვის ნიშნების წინაშე. ჩვენ ვართ მოწმე იმისა, რომ ეს გამოწვევები აქვს ყველა დისკუსიას, ინსტიტუტებს და მათ შრის სასამართლოებს. დაპირისპირება ევროპულ ფასეულობებთან საქართველოშიც მიმდინარეობს. ეს გამოიხატება სხვადასხვა ფორმით, ხანდახან გაისმის განცხადებები, რომ ევროპული წესრიგი თითქოს ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები განსხვავდება ჩვენი სუვერნული არჩევანისგან, ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავინახოთ საქართველოში მიმდინარე ასევე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვას ეხება. ამ პროცესში იმ ცხოველ დისკუსიაში, რომელიც მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია დავრჩეთ ევროპული ღირებულებების ერთგული, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციზე. სწორედ კონსტიტუცია წარმოადგენს იმ ფუნდამენტს, რომლის ირგვლივაც მთელი სახელმწიფო სისტემა იგება. მე დაანონსების თანავე ხაზს ვუსვამდი იმას, რომ პროცესი უნდა მიმდინარეობდეს კონსესუსზე, სწორედ კონსესუსით, მხარეების მაქსიმალური ჩართულობით იქმნება საკონსტიტუციო პროცესის ლეგიტიმურობა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






