„კომისიის შექმნის წინააღმდეგ გუნდში არ არის არავინ. არ გამოვრიცხავ, რომ მხარი დავუჭიროთ ამას. არ არის დამაკმაყოფილებელი. გასაგებია, რომ ქართული სპეცსამსახურები ამაში არ მონაწილეობდნენ, თუმცა გამოსაძიებელია ვინ მონაწილეობდა,“-განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.
საგამოძიებო კომისიის შექმნას ნაადრევად მიიჩნევს მმართველი გუნდის მეორე ნაწილი, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. არჩილ თალაკვაძე. მათი თქმით გამოძიების გონივრული ვადა ჯერ გასული არაა. სოფო კილაძის განცხადებით არ არის იმდენი დრო გასული, რომ გამოძიების არაეფექტიანობაზე საუბარი დაიწყოს:
„ჩემი მოსაზრება ის არის, რომ ჯერ მაინც უნდა დაველოდოთ საგამოძიებო ორგანოებს. იმიტომ, რომ არ არის იმდენი დრო გასული, რომ ჩვენ ვისაუბროთ გამოძიების არაეფექტიანობაზე. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცით, რომ ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ არ არის გონივრული ვადა გასული. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ძალიან ნაჩქარევი იქნება.“- აცხადებს სოფიო კილაძე.
გუნდში არსებულ აზრთასხვადასხვაობას გამორიცხავს არჩილ თალაკვაძე, მისი თქმით საქართველო ამ საქმესთან დაკავშირებით ერთიან პოზიციაზეა:
„არ ვფიქრობ, რომ განსხვავებულ პოზიციებზე დგას ვინმე. რაც არ უნდა კომენტარები მოვისმინოთ, საქართველო ამ საქმესთან დაკავშირებით არის ერთიან პოზიციაზე. ეს არ არის საკონსულტაციო საკითხი, ეს არის გამოძიება.“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ 29 მაისს საღამოს თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა, როგორც მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, მათი განმარტებით, ჟურნალისტური საქმიანობისა და კრიტიკული პოზიციების გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან სისტემურ დევნასა და შევიწროებას განიცდიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






