„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დედაქალაქის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი წარადგინა. წარდგენა მეტეხის ტერიტორიაზე მოხდა. უდუმაშვილი ნიკა მელიამ წარადგინა.
სიტყვით გამოსვლისას ნიკა მელიამ განაცხადა, რომ იგი ტოვებს საქართველოს პარლამენტს და კენჭს იყრის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე:
„ხუთი წელია ხელისუფლება თესავს სიძულვილს, თუმცა ჩვენ გვინდა თბილისი დაპირისპირებისა და სიძულვილის გარეშე, ხელისუფლება ამკვიდრებს უიმედობას, თუმცა გვსურს თბილისი იყოს წარმატებული ადამიანების ქალაქი, ხელისუფლება იბრძვის ჩვენს გასანადგურებლად, თუმცა, ვდგევართ აქ მეტი მოტივაციით და ვაცხადებთ გარდამტეხ ბრძოლას ოლიგარქის დასამარცხებლად. ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები, ეს იქნება რეფერენდუმი საქართველოს მომავალზე, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს თუ როგორი ქვეყანა და დედაქალქი გვექნება ჩვენ, უნდა განსაზღვროს როგორ ქვეყანაში და დედაქალაქში იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები, უნდა მოვიგოთ პირველი ბრძოლა კორუმპირებულ და მავნებლურ ხელისუფლებასთნ. ბრძოლა საქართველოს ივანიშვილისგან გადასარჩენად დაიწყება თბილისიდან, გავიმარჯვებთ თქვენთვის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ გამარჯვებას, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარლამენტი, ამ ქალაქისა და ამ ქვეყნის გადასარჩენად, ვიბრძოლო თბილისის საკრებულოდან. კენჭი ვიყარო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე და სწორედ აქედან შევუტიოთ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






