მთავრობის მეთაურმა კომპანია "წყალი მარგებელს" და მის ყველა თანამშრომელს 20 წლის იუბილე მიულოცა და მადლობა გადაუხადა მიხეილ სვიმონიშვილს იმ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს საქართველოში გადამამუშავებელი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
"განსაკუთრებული ემოცია გეუფლება, როდესაც შენს ქვეყანაში ასეთი თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტის მქონე საწარმო იხსნება. მინდა, ეს დღე ყველაზე მეტად მივულოცო ადგილობრივ მცხოვრებლებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც აქ, ამ საწარმოში უნდა ააშენონ ქართული ინდუსტრიული პოტენციალის მომავალი. მართლაც მეამაყება, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი საწარმო იხსნება. ნამდვილად ძალიან დიდი სიამოვნებაა, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამხელა მიღწევას ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ საუბარია არა მხოლოდ ერთ საწარმოზე, არამედ მთელ კომპლექსზე - უკვე გაშენებულია 70 ჰექტარზე მეტი თანამედროვე სტანდარტის ხილის ბაღები, რომლის ფართობის 500 ჰექტრამდე გაზრდა იგეგმება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებაზე.
"მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გიგანტი, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის ბრენდის ქვეშ, როგორიცაა კომპანია "რაუხი", ქართული პროდუქცია გაიყიდება არაერთ საექსპორტო ბაზარზე. გილოცავთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ძალიან სტრატეგიული პროექტის განხორციელებაში. ძალიან მახარებს, რომ გარემოსდაცვითი კუთხითაც დაცულია უმაღლესი სტანდარტები. მინდა, ყველა მეწარმეს საქართველოში ვთხოვო და მოვუწოდო, ასეთი სტანდარტი დავიჭიროთ, რადგან ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ყველა ტექნოლოგიური მიღწევის წინა ხაზზე. ეს ქარხანა სწორედ ამის დადასტურებაა", - აღნიშნა პრემიერმა.
ახლად გახსნილ საწარმოში „წყალი მარგებელი", ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია „რაუხთან" ერთად, სხვადასხვა სახეობის წვენს, ლიმონათსა და სხვა უალკოჰოლო სასმელს აწარმოებს. საქართველოში წარმოებული საერთაშორისო ბრენდის პროდუქტი ასევე გავა ექსპორტზე.
პროექტი ავსტრიელ და შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად, EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელდა. ახალი ქარხნის გახსნას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ავსტრიისა და შვეიცარიის ელჩები დაესწრნენ.
დღესვე პრემიერ მინისტრი აჭარას ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკის სექტორში უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის – შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაში.
შუახევიჰესის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. ელექტროსადგური 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით. შუახევიჰესი პირველი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში, რომელიც სერტიფიცირებულია „კლიმატის ცვლილებების შესახებ“ გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიერ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად.
მასალის გამოყენების პირობები






