ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოს გაუქმება საქართველოს უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახება:
„ჩემი აზრით არ არის სწორი გადაწყვეტილება გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას აქვს გამოწვევები და საფრთხეები, ჩვენი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური კრიზისების გადამწყვეტი და უწყებათაშორისი მაკოორდინირებელი ორგანო, ეს იმის ფონზე ხდება, როდესაც სხვა ქვეყნებში სადაც უშიშროების საბჭოს მსგავსი ორგანოები არ იყო, ისინი ქმნიან, ჩვენთან ვაუქმებთ, არ არის სწორი, განსაკუთრებით ახალი გამოწვევები, განსაკუთრებით ისეთები, როგორებიცაა ჰიბრიდული საფრთხეების კუთხით, ძალიან რთულია რომელიმე ერთი უწყება ჩაიბაროს, ის ყოველთვის უწყებათაშორისი უნდა იყოს. ამიტომ, უშიშროების საბჭოს გაუქმება მხოლოდდამხოლოდ დაასუსტებს საქართველოს უსაფრთხოებას“, - აღნიშნავს ექსპერტი.
რაც შეეხება მმართველი გუნდის განცხადებებს იმასთან მიმართებით, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო უფუნქციოა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ განცხადებების ავტორები ცუდად ერკვევიან ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურაში, მის მიზნებსა და ამოცანებში:
„ეს შეფასება მეტყველებს იმაზე, რომ მმართველი გუნდი ცუდად ერკვევა ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურაში, მის მიზნებსა და ამოცანებში. ის ფაქტი, რომ ვერ იყენებენ უშიშრიების საბჭოს და არ იყენებენ, შესაბამისად ვერ სარგებლობენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვარგა. თუ მათ ამის კომპეტენცია არ გააჩნიათ, ეს არ არის იმის მიმანიშნებელი, რომ ეს ინსტიტუცია არ გვჭირდება. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვენი მმართველი გუნდის წარმომადგენლები სამწუხაროდ ძალიან ცუდად ერკვევიან უსაფრთხოების სექტორში. საკუთარი გაურკვევლობა გადათარგმნეს ახალი კონსტიტუციის მოდელში“, - აღნიშნავს ნოდარ ხარშილაძე.
მასალის გამოყენების პირობები






