მთავრობის მეთაურის განცხადებით, პროპორციული სისტემა 2024 წელს ამოქმედდება.
„შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთი მოწვევის პერიოდისთვის საარჩევნო ბარიერის 5-დან 3 %-მდე დაწევასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე მეტ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა, იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში”- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის გამარტივებაზე ისაუბრა:
„დღევანდელი კონსტიტუციით, პრაქტიკულად, შეუძლებელია და ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცედურა, რომ პარლამენტმა მიაღწიოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას. ასე რომ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსი იქნა აღდგენილი პარლამენტის სასარგებლოდ”- განმარტა კვირიკაშვილმა.
მისივე განცხადებით, 2012 წელს ძალიან დიდი ბრძოლა დასჭირდა ქვეყანას იმისთვის, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარებულიყო.
„ როგორც ამ საზოგადოების ერთი წევრი, არაერთხელ ვმონაწილეობდი საერთო სახალხო პროტესტებში, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად იმისთვის, რომ მიღწეულიყო მაჟორიტარულიდან პროპორციულზე გადასვლა, რათა გამქრალიყო შეგრძნება, რომ ხელისუფლება მართავს 73 მაჟორიტარ დეპუტატს, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. დღეს ეს შედეგი მიღწეულია. 2020 წლისთვის ვერ ხერხდება, მაგრამ პოლიტიკა გახლავთ თანმიმდევრობასა და კომპრომისებს შორის სწორი ბალანსის მიღწევა, ამიტომ ამ კომპრომისით, რომ არა 2020-ში, მაგრამ 2024-ში, ჩვენ მივაღწიეთ საპარლამენტო უმრავლესობის კომსოლიდაციას ამ უმნიშვნელოვანესი, ისტორიული გადაწყვეტილების ირგვლივ. ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანა გადავა პროპორციულ არჩევნებზე, გაიზრდება პოლიტიკური პარტიების როლი პოლიტიკურ პროცესებში და გაცილებით უფრო წარმომადგენლობითი იქნება პარლამენტი ამ ცვლილებების შედეგად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






