ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მინისტრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ილია ელოშვილის განცხადებით, კონსულტაციები ჯერჯერობით არ ყოფილა, თუმცა შეთავაზების შემთხვევაში საკითხზე დაფიქრდება:
„სამინისტროს ჰყავს, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი. მე ვიტყოდი ალბათ, ამ სამინისტროს არსებობის ისტორიაში. ის ჯერ არსად წასულა, ასრულებს თავიდან ბოლომდე თავის ფუნქციებს და ამაზე საუბარი ნაადრევია. არ შემოუთავაზებიათ და ვიფიქრებ ნამდვილად. არ ვამბობ რომ უარს ვიტყვი, ნამდვილად დავფიქრდები. მე ოთხი წელია მოადგილის პოსტზე ვარ, ძალიან კარგად ვიცი რა გამოწვევებია, რა სირთულეებიც ახლავს ამას და ნებისმიერი თანამდებობა პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ასე ხელაღებით ვერ გეტყვით, მე უნდა ავწონ-დავწონო,“ - განაცხადა ილია ელოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. მინისტრის პოსტს კი მისი მოადგილე, ილია ელოშვილი ჩაიბარებს.
მასალის გამოყენების პირობები






