დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოსა და ჩეხეთის სახელმწიფო ჰიმნების შესრულების ფონზე გაიმართა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში შედგა.
მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მარტინ სტროპნიცკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების მიმართ. მან საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორად მოიხსენია და ქართველი სამხედროების სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა დადებითად შეაფასა. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ საქართველო არსებული მდგომარეობის მიუხედავად, წარმატებით ვითარდება.
შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ჩეხი ექსპერტების ჩართულობასაც შეეხო. ასევე, ყურადღება სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა.
თავდაცვის სამინისტროში სტუმრობამდე მარტინ სტროპნიცკი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. მან საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.
მასალის გამოყენების პირობები






