ზაალ უდუმაშვილმა 25 წლიანი სატელევიზიო კარიერა დაასრულა და მერის არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი გააკეთა:
,,მივიღე გადაწყვეტილება და მივდივარ პოლიტიკაში. ვაპირებ თქვენთან ერთად და თქვენი სახელით შევიდე ამ ბრძოლაში და თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი“- თქვა ზაალ უდუმაშვილმა 9 საათიანი კურიერის პირდაპირ ეთერში.
საექსპერტო წრეებში ცნობილი ჟურნალისტის პიროვნულ ღირსებებზე ამახვილებენ ყურადღებას და მას თვითმმართველობის არჩევნებში საინტერესო კანდიდატს უწოდებენ. ყველა თანხმდება, რომ განახლებულ "ნაციონალური მოძრაობაში" აკადემიური, ზომიერი და ამავდროულად მიმწოლი ლიდერის გამოჩენა პარტიის რეიტინგზე დადებითად აისახება.
ექსპერტთა მოსაზრებით, ქართულ პოლიტიკაში ზაალ უდუმაშვილის ფაქტორი, ნებისმიერ შემთხვევაში გარკვეული დადებითი მოვლენაა.
ნიკა ჩიტაძე უდუმაშვილის პოლიტიკური ბრძოლის უნარზე ამახვილებს ყურადღებას და მაგალითად "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ასახელებს.
როგორც "ნიუპოსტს" ჩიტაძემ განუცხადა, პოლიტიკოს ზაალ უდუმაშვილის ბევრი პლუსი აქვს, იმისთვის, რომ მერობის ღირსეული კანდიდატი იყოს.
"მართალია მას პოლიტიკური მოღვაწეობის ნაკლები გამოცდილება გააჩნია, თუმცა ის უდაოდ პოლიტიკაში ჩახედული ადამიანია - წლების განმავლობაში თვალ-ყურს ადევნებდა და მშვენივრად აშუქებდა კიდეც. უდუმაშვილის გადაწყვეტილება, შეიძლება ოპონენტებმა გამოიყენონ და მიეცეთ მიზეზი თქვან, რომ "რუსთავი 2" ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული, თუმცა ამის მიუხედავად, ეს ტელეკომპანია დამოუკიდებელი არხია და მას უფლება აქვს გააშუქოს მოვლენები. ბატონი ზაალის ძლიერი მხარეა მისი მებრძოლი ხასიათი. როდესაც თუნდაც "რუსთავი 2"-ის საქმე განიხილებოდა, ის არა მხოლოდ ამ არხის, არამედ თავისუფალი სიტყვის, დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იდგა. მას პოლიტიკაზე ღრმა და საფუძვლიანი წარმოდგენა აქვს, ამიტომაც ის შეიძლება ღირსეული პოლიტიკოსი იყოს. ერთის მხრივ საწყენია, რომ ქართული მედია კვალიფიციურ ჟურნალისტს კარგავს, მაგრამ კარგია, რომ ქართულმა პოლიტიკამ შეიძინა ეს ადამიანი"- აღნიშნა ჩიტაძემ.
ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, უდუმაშვილის მერის კანდიდატად შეთავაზება საინტერესო მოვლენაა.
"ზაალ უდუმაშვილი საინტერესო ფიგურაა და საინტერესო შეთავაზება იქნებოდა ამ პოსტზე. მეორე საკითხია, რამდენად არის მზად თბილისელი ამომრჩეველი, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დაუჭიროს მხარი"- განუცხადა "ნიუპოსტს" გია ხუხაშვილმა.
"ნიუპოსტი" ექსპერტ კოტე ჩოკორაიასაც ესაუბრა. მან "საყვარელ ჟურნალისტს, პოლიტიკაში წარმატებები უსურვა".
"ზაალს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ვიცნობ როგორც პროფესიონალს და ყოველთვის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჟურნალისტი იყო. წარმატებებს ვუსურვებ" - თქვა ჩოკორაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






