,,როგორც შს მინისტრი, კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ამას სისტემური ხასიათი ჰქონდეს. ამის თეორიული ალბათობა, როცა სისტემაში თითქმის 40 ათასი ადამიანი მუშაობს, შესაძლოა, არსებობდეს. მაგრამ მე მაქვს ჩემი მკაცრი პოზიცია ამასთან მიმართებაში და ამის თაობაზე იცის პოლიციის ყველა დანაყოფის ხელმძღვანელმა და უწყების თითოეულმა თანამშრომელმა. ჩვენ ვერ დავუშვებთ, ვიცხოვროთ სახელმწიფოში, სადაც იარსებებს წარსულის ამგვარი მანკიერი პრაქტიკა. თუკი ვინმე მსგავსი მეთოდის გამოყენებას გადაწყვეტს, აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე. ამისთვის არსებობს შესაბამისი დანაყოფი ჩვენს უწყებაში, რომელიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მისი თქმით, კონკრეტულმა ჯგუფებმა ისარგებლეს შექმნილი სიტუაციით და ,,ჩადების" თემით მანიპულირებენ.
,,არავისთვის იქნება, ალბათ, მოულოდნელი, თუ ვიტყვი, რომ არსებობენ ჯგუფები, გარკვეული ძალები, რომელთაც აქვთ თავიანთი კონკრეტული მიზნები და მათი რეალიზებისთვის ხშირად იყენებენ ცალკეულ შემთხვევებს, რაზეც მიზანმიმართულ კამპანიას აგორებენ. სწორედ ასეთი შემთხვევის მონაწილეები გავხდით ბოლო მოვლენების დროს, რასაც თქვენს კითხვაში გულისხმობდით. ორი ადამიანის დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით გახდა ნარკოტიკების ლიბერალიზაციისა თუ დეკრიმინალიზაციის მომხრეთა აქტიურობის მიზეზი და ცალკეული პოლიტიკური ძალების, რომელთაც, ასევე, საკუთარი მიზნები და ამოცანები აქვთ. მე ახლა დეტალურად არ ვისაუბრებ ნარკოპოლიტიკაზე. პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოხატა მთავრობის პოზიცია და მიდგომა ამ საკითხთან მიმართებაში, რაც რიგი საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას გამოხატავს, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან მიმართებაში. თუკი შესაბამისი კანონმდებლობა იქნება, ბუნებრივია, შსს იმოქმედებს ისე, როგორც ეს კანონშია გაწერილი", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, დამნაშავეები, მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, ხშირად მიმართავენ ინსინუაციებს, ცდილობენ, მოძალადიდან „მსხვერპლად“ იქცნენ:
„ამ აქციების დროს და შემდეგაც ისევ გამოჩნდნენ ის ადამიანები ან მათი ახლობლები და ოჯახის წევრები, რომელთაც აქამდეც არაერთი მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი. დანაშაულთან მათი კავშირის შესახებ საზოგადოებამ ისედაც ყველაფერი იცის და რა ხდება? ეს ადამიანებიც აპელირებენ იმით, რომ მათ „ჩაუდეს“. ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალება. საერთოდ, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებითაც შემიძლია გითხრათ, რომ დამნაშავეები, მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, ხშირად მიმართავენ ინსინუაციებს, ცდილობენ, მოძალადიდან „მსხვერპლად“ იქცნენ. საბოლოო ჯამში, ეს საფრთხეს უქმნის თავად საზოგადოების უსაფრთხოებას და მიმაჩნია, რომ ამაზე ყველანი უნდა დავფიქრდეთ.“- აღნიშნა მინისტრმა.
წყარო "პრაიმტაიმი"
მასალის გამოყენების პირობები






