„მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები საერთოდ ვერ აცნობიერებენ იმ ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას, რასაც ჰქვია კონსტიტუციის გადასინჯვა ან ახალი კონსტიტუციური მოდელის ჩამოყალიბება. მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ ვერ მოახერხეს კონსენსუსის შექმნა და ჩვენ გვაქვს ნულოვანი კონსენსუსის ვითარება. პრეზიდენტმა რთულ ვითარებაში აღმოჩენილ საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთხელ გაუწოდა ხელი, დაეთანხმა მათ განცხადებაზე და შესთავაზა ფორმატი, რომ ჩვენ უბრალოდ დებატები კი არ გავმართოთ და თვალის სასეირო ღონისძიებები მოვაწყოთ, არამედ გადავდგათ ნაბიჯი თანხმობისკენ. ჩვენ შევთავაზეთ, ამ შეხვედრაში მონაწილეობდეს ყველა ის მხარე, ვინც დაინტერესებულია პროცესით, მედიის ძალიან დიდი ჩართულობით მოხდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ნაბიჯები გადაიდგას კონსენსუსისკენ - რაც ბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხა, ამაში დახმარებას სთავაზობს საქართველოს პრეზიდენტი. საბავშვო ბაღის პოზიცია და პინგ-პონგის თამაში, რომ თითქოს ვინმე რაიმეს გაურბის, კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ცრუ ბრალდებები, შეურაცხმყოფელ ტონალობაში ლაპარაკი და მიუხედავად ამისა, მზად ვართ, კონსტიტუციის სასარგებლობლოდ გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები და ჩვენ ვისმენთ რაღაც კომკავშირულ ტონალობაში გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ გუნდშიც ვერ მოახერხეს კონსენსუსის შექმნა, ახლა აპირებენ თავიანთ თანაგუნდელებთან დალაპარაკებას და ძალიან საეჭვოა ჰქონდეთ რესურსი, რომ კონსტიტუცია ეფუძნებოდეს კონსენსუსს, რასაც ყველა თეორია გვასწავლის და რაც ვენეციის კომისიამ გვითხრა“, - განაცახდა ფიქრია ჩიხრაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ პირდაპირ ეთერში მსჯელობა შესთავაზა.
თავის მხრივ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მზაობა გამოხატა. როგორც დღეს გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი თანახმაა პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსტიტუციის პროექტზე პირდაპირ ეთერში იმსჯელოს. ვთავაზობთ, აქ პრეზიდენტიოს სასახლეში გაიმართოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სახალხო დამ,ცველი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, ბიზნესასოციაციები და რომელიც ფართოდ იქნება გაშუქებული მედიის მიერ, იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც დღეს ჩვენ ხელს გვიშლის, მივაღწიოთ რეალურ კონსენსუსს," - განაცხადა აბაშიშვილმა.
ეს განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის წევრებისთვის. კობახიძის თქმით, "სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა შეთავაზებაზე, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია ეთერში საზოგადოების წინაშე ერთად ემსჯელათ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი არ არის მოწოდებული, ხელი შეუწყოს კონსესუსის ჩამოყალიბებას და თავს არიდებს ისეთ ფორმატს, რომელიც საზოგადოებას სრულფასოვან წარმოდგენას შეუქმნიდა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ.“
მასალის გამოყენების პირობები






