შესაბამისი ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, აგრეთვე, კანონებში: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“; „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“; „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მცირე ოდენობით გამომშრალი მარიხუანის, ნედლი მარიხუანისა და მცენარე კანაფის უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების შემთხვევაში, სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებთან შედარებით, უფრო მსუბუქი ადმინისტრაციული სახდელი წესდება და შეუძლებელი ხდება ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილება გამორიცხავს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას გამომშრალი მარიხუანის შემთხვევაში 70 გრამამდე, ნედლი მარიხუანის შემთხვევაში − 140 გრამამდე, და მცენარე კანაფის შემთხვევაში − 140 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და პირადი მოხმარებისთვის. თუმცა, ამ ქმედებებისათვის თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა დიდი ან განსაკუთრებით დიდია.
წარმოდგენილი ცვლილებები ეხმიანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო ხანებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელთა თანახმად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 70 გრამამდე გამომშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენისა და შენახვის გამო, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის უკანონო დამზადების, შეძენისა და შენახვის, ასევე, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების გამო.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა მიმდინარეობდა მრავალი თვის განმავლობაში და პროცესში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს მთავარი პროკურატურის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; აგრეთვე, ქვეყანაში აკრედიტებული საერთაშორისო მისიები − ევროკავშირის დელეგაცია, ევროსაბჭოს, გაერო-ს ბავშვთა ფონდის, „USAID“-ის, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს წარმომადგენლები, აშშ-ის საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ალტერნატივა ჯორჯია“.
მასალის გამოყენების პირობები






