„ოფიციალური პირები, პრემიერმინისტრი არის არაფერზე პასუხისმგებელი და არაფრის შემწე, პოლიტიკურად უუნარო ფიგურა და მეორეს მხრივ, ბიზნესს ატერორებენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან ანგარიშვალდებული და დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან. ეს პირველ რიგში მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, ოთარ ფარცხალაძე და მსგავსი ადამიანები, რომლებსაც ფორმალური პოზიცია არ უკავიათ, მაგრამ პრაქტიკულად ყველაფერს ამ ქვეყანაში მართავენ და სრულ ტერორში ჰყავთ ბიზნესი,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ბიზნესისთვის კოლოსალური რაოდენობის ჯარიმის დარიცხვაზე ამახვილებს ყურადღებას.
„მხოლოდ სამ კომპანიას დაარიცხეს 800 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა. ეს არის ფანტასტიკის სფერო. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ჯარიმა ერთად რომ აიღო, არ იქნება ამდენი. ჯორჯიან მანგანეზს, ორ თამბაქოს კომპანიას, ვინ აკეთებს ამას? აკეთებს რომელიღაც დაქირავებული მოსამართლე, რომელიღაც სამინისტროს წერილის საფუძველზე,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ფადი ასლი ხელისუფლებას უცხოელ ბიზნესმენებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ე.წ. უკანონო ელემენტებს, რომლებიც უცხოურ ბიზნესს ატერორებენ, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო უწყებებს წარმოადგენენ, თუმცა მათ ქვეყნის პრემიერი ვერ აკონტროლებს და ისინი ანგარიშვალდებული პირადად ბიძინა ივანიშვილის წინაშე არიან.
მასალის გამოყენების პირობები






