,,ჩვენში მომხდარი თუ საერთოდ მსოფლიოს საშინელი ამბების გარდა - შემზარავია ლონდონის ეს ბოლო ამბავიც - ხანძარი იმ უშველებელ შენობაში. შემზარავია უამრავი რამ ყველგან. სულ ახლახანს ვაშინგტონშიც კი ერთმა არარაობამ რესპუბლიკელი კონგრესმენებისაგნ შექმნილი ბეისბოლის გუნდი დაცხრილა, ბერნი სანდერსის მხარდამჭერი ვარო - ვცხოვრობთ ასე, ვუყურებთ ამას, ვებრძვით ამას ან ამისგან თავს ვიცავთ და ცხოვრებაც გრძელდება.
ახლა გავიგე ის საუკუნოვანი, გნებავთ ორსაუკუნოვანი ტიტას ხე, რაც ივანიშვილმა მოთხარა და გადააცურა - გახმა.
გადარგულსა და ზღვიდან ხმელეთზე გასულს მალევე დაუწყია ხმობა და ახლა უკვე მოუჭრიათ. ის ხე აღარ არსებობს.
რა ვიფიქრო... ვიღაცა მეტყვის, რა იცი შესაძლოა ივანიშვილი განიცდისო ამას.
განიცდის?
ვიცი ასე ბევრი მეტყვის, ძალიან ბევრი. ძალიან, ძალიან. ძალიან ბევრი ადამიანი. თითქმის მთელი ქვეყანა ამას მეტყვის და ცხოვრებას გააგრძელებს.
აი ეს „თითქმის“ რაც ჩემთვის უკვე უშორესად გაუცხოებული მთლიანობის შესავსებადაა დარჩენილი - იმედია.
თორემ ივანიშვილს რა, დახარჯული ფულის განცდები ცხადია ექნება სხვა არაფერი - ფეხებზე ეკიდება იმ უნიკალური ხის გახმობა.
ჰო, ფეხებზე ეკიდება მას ის შენი ორასწლოვანი ტიტა, როგორც ფეხებზე ეკიდა და ახლაც კიდია ყველაფერი, თავისი პრიმიტიული ინსტინქტების გარდა.
იმ ხის ბედი თუ ასეთი იყო, საუკუნეები ზღვისპირას, სამოთხესავით ქვეყანაში მდგარიყო და ერთხელაც ზღვის გავლით მომკვდარიყო, მაშინ მთელი ჩვენი ქვეყნის - ამ სამოთხესავით ქვეყნის ბედი რაღაა? ზღვის გავლით სიკვდილი თუ ზღვასთან მყარად დგომა? ზღვიდანვე იმედის მომლოდინე.
როგორც ვატყობ რამოდენიმე ადამიანმა თუ იგრძნო სევდა და მორჩა - უმეტესობასაც ფეხებზე კიდია. ცხოვრებაც გრძელდება.
გრძელდება თავის ცხადით და თავის სიზმარით, რადგან:
ჩვენ ვუმასპინძლეთ ცხადს და სიზმარსაც, ცამდე ხე ვზარდეთ უღრმესი ფესვით,
ჩვენ ისევ ვამბობთ სიტყვას - მიყვარხარ, ქვეყნად რომელიც ბევრს აღარ ესმის” - წერს დეფი.
მასალის გამოყენების პირობები






