აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. იან კელის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს სერიოზულად ეკიდება. ელჩის თქმით აფგან მუხთრალის საქმე ძალიან სერიოზულია.
"ვფიქრობ, ჩემი პოზიცია ამ საკითხზე ნათელი იყო. ვხედავთ, ეს არის ძალიან სერიოზული ინციდენტი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან და ნათლად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს საქმე უნდა იქნას სრულყოფილად გამოძიებული. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ბატონი მუხთარლის სათანადოდ მოეპყრობიან და ვიმედოვნებ, საქმე სამართლიანად დასრულდება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა სერიოზულად ეკიდება ამ საქმეს. ჩვენ გვჯერა მთავრობის, პრემიერ-მინისტრის, რომელმაც თქვა, რომ მუხთარლის საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ. ნებისმიერი კომენტარისგან გამოძიების დასრულებამდე თავი უნდა შევიკავოთ", - განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, შემდეგ დღეს მან ადვოკატს დაურეკა და განუცხადა, რომ ბაქოშია გადაყვანილი. აფგან მუხთარლის ბრალად საზღვრის დარღვევა, კონტრაბანდა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა წაუყენეს და აზერბაიჯანის სასამართლომ 3თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა,. მუხთარლი და მისი თანამოაზრეები ამ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მუხთარლის დაჭერა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. მათი თქმით მუხთარლის აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში, ქართველი სამართალდამცავებიც მონაწილეობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






