ყველა ქალაქის საკრებულოში დაგეგმილია მაჟორიტარების რაოდენობის გაზრდა და იმ ქალაქს დამატებით ხუთი მაჟორიტარი ეყოლება, რომელსაც 35 ათასი, ან უფრო მეტი ამომრჩეველი ჰყავს. აღნიშნულის შესახებ განმარტება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა გააკეთა:
„ეს იმ ქალაქებს შეეხებათ, რომელთაც თვითმმართველობის სტატუსი უუქმდებათ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ქალაქზე გავრცელება. გრადაცია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვითაა. დავუშვათ, 4 ათასიდან 10 ათასამდე ერთი მაჟორიტარის დამატება მოუწევთ, 10 ათასიდან 20 ათასამდე ორი მაჟორიტარის და ა.შ. ხუთ მაჟორიტარამდე გრძელდება. ანუ, დამატებითი ხუთი მაჟორიტარი ეყოლება ქალაქს, რომელსაც 35 ათასი, ან უფრო მეტი ამომრჩეველი ჰყავს. ეს თვითმმართველობის მიმართულებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს ვერსია არასამთავრობოების მხრიდან მოწონებული იყო და მხარდაჭერა გვაქვს. 400 ლარი 78-ზე გადაამრავლეთ და საქართველოს მასშტაბით ყოველთვიური ხარჯი ემატება, რაც მიზერული თანხაა, თუმცა ის ეფექტი, რაც ქალაქების განვითარებისთვის მიღწეული იქნება, უფრო მეტი იქნება, ვიდრე 78-ჯერ 400 ლარი“, - აცხადებს ლილუაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






