ვენეციის კომისიის პლენარულ სესიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დაესწრებიან. ჩუგოშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნება. ვიცე-სპიკერის თქმით, კონსტიტუციის ახალი პროექტი სრულ შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის დასკვნასთან:
„ამ სესიაზე განხილული იქნება ის დასკვნა, რომელიც ვენეციის კომისიამ მოამზადა ჩვენს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენ თავიდანვე გვქონდა დადებული პირობა, რომ გავითვალისწინებდით ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას, ამ პირობას მივყვებით რა თქმა უნდა, ბოლომდე და ვასრულებთ და შესაბამისად, კონსტიტუციას, რომელსაც პარლამენტი უყრის კენჭს, იქნება სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, იქნება გამართული დოკუმენტი და ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან კარგი კონსტიტუცია,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილის განცხადებით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული ამ დრომდე არ არის:
„ვენეციის კომისიასთან ჩვენ ეს ნათქვამი გვაქვს, მათ იციან, რომ ჩვენ შესაძლებელია ორ ნაბიჯად გადასვლა დაგვჭირდეს ამ სისტემაზე, ზუსტად იმის გამო, რომ გუნდის წევრების ნაწილი პრინციპულად წინააღმდეგია და დარწმუნებული ვარ, რომ ამაში კომისიის მხრიდან პრობლემა არ იქნება დანახული,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






