ლაფანყურის სპეცოპერაცია კიდევ ერთხელ ექცევა ყურადღების ცენტრში. ამჟამად ცნობილი ხდება ლაფანყურის საქმეზე ავსტრიაში დაკავებული მებრძოლის მუჰამედ იბრაგიმოვის (იგივე აბუ ჰამზა, როგორც ის ავსტრიაშია ცნობილი) სკანდალური აღიარება, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი იყო.
„ნიუპოსტი“ აღნიშნული საკითხის შესაფასებლად სამხედრო ექსპერტს ნოდარ ხარშილაძეს დაუკავშირდა. ხარშილაძის განცხადებით, იბრაგიმოვის ჩვენება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია იყო რუსეთის სპეცსამსახურების მცდელობა, დესტაბილიზაცია შემოეტანათ:
„ამ ადამიანის აღიარებით დასტურდება ის, რომ ეს იყო მართლაც რუსეთის სპეცსამსახურების მცდელობა, ესარგებლათ ჩვენი ტერიტორიით, დესტაბილიზაცია შემოეტანათ და ეს ოპერაცია სახელმწიფოებრივად იყო გამართლებული. ასევე დასტურდება ის, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ქსელი საქართველოში, ანუ ეს ადამიანი არ არის ერთადერთი.
ამასთანავე, ძალიან უცნაურია ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება არამხოლოდ უარყოფს, არამედ ფიქრობს, რომ მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში არის მოდებული ჯაშუშთა ქსელი, საქართველო გამორიცხულია ამ სიიდან და ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში არიან, არცერთი ფაქტი არ ყოფილა ვინმეს მხილების ამ მიმართულებით, ისეთი ფაქტიც კი იყო, როდესაც საქართველოს უწყებებს მართავდნენ ადამიანები, ვისაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ მოსკოვთან. შესაბამისად, ამის ფონზე არ არის უცნაური, რომ ლაფანყურის ოპერაციაც მიაჩნიათ შეცდომად, რადგან მათი აზრით, რუსეთთან საქმის არგაფუჭების გამო, უნდა აიტანო ყველაფერი, მათ შორის მათი ჯაშუშური ქსელი საქართველოში“, - აღნიშნავს ხარშილაძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
იბრაგიმოვი ავსტრიაში ამ დრომდე ორჯერ იყო დაკავებული წვრილმანი სამართალდარღვევებისთვის. მესამე დაკავების დროს კი მის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი ლაფანყურის შესახებ, სადაც მუჰამედ იბრაგიმოვი დეტალურად აღწერს მის მონაწილეობას ლაფანყურის მოვლენებში. სწორედ ამის გამო აღიძრა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით.
მასალის გამოყენების პირობები






