მმართველ გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა მაჟორიტარული სისტემა 2020 წლისთვის უნდა გაუქმდეს თუ 2024 წლისთვის - აღნიშნულს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ადასტურებს. ჟურნალისტებთან საუბრისას თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ზედმეტი ენერგია იხარჯება:
"ჩვენ პოლიტიკა მთლიანად ხალხის საჭიროებებზე უნდა გადავრთოთ. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, არსებული საარჩევნო სისტემა უფრო დემოკრატიული სისტემით აუცილებლად შეიცვლება. უმრავლესობას რომელიმე საარჩევნო მოდელის მხარდაჭერა არ აერთიანებს, არამედ პროგრესის მხარდაჭერა აერთიანებს და გუშინდელი კონსულტაციების შემდეგ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უმრავლესობის აბსოლუტურად ყველა წევრი უჭერს მხარს პროგრესს და დემოკრატიის შემდგომ გაძლიერებას ქვეყანაში. რაც შეეხება კონსტიტუციის ახალი პროექტის კენჭისყრას, ამასთან დაკავშირებით უმრავლესობა შეთანხმებული პოზიციით იმ სესიებზე გამოვა, რომელიც საკონსტიტუციო განხილვას მიეძღვნება და ეს ივნისის მეორე ნახევარში იქნება.
მიმაჩნია, რომ ამ საკითხებზე ზედმეტ ენერგიას ვხარჯავთ და პოლიტიკა მთლიანად ხალხის საჭიროებებზე უნდა გადავრთოთ. არსებული სისტემა აუცილებლად შეიცვლება უფრო დემოკრატიული სისტემით და ამაზე უმრავლესობაში დიდი მხარდაჭერა არსებობს“, - აცხადებს თალაკვაძე.
მასალის გამოყენების პირობები






