აფგან მუხთარლის ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გაირკვა, რომ 143-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ნაცვლად, მომხდარზე ძიება მიმდინარეობს პირველი ნაწილით, რაც ადამიანის თავისუფლების აღკვეთას არადამამძიმებელ გარემოებებში გულისხმობს. ადვოკატის განცხადებით, დაკითხულნი არიან ისეთი მოწმეები, რომლებმაც საქმესთან დაკავშირებით არაფერი იციან:
„მესამე კვირა მიდის და პირველივე კვირას მზად იყო საფუძვლები იმისთვის, რომ დაზარალებულის სტატუსი ჰქონოდა ამ ადამიანს. ვინაიდან, მთელი საერთაშორისო საზოგადოება და ყველა, გარდა პროკურატურისა, თანხმდება იმაზე, რომ ეს ადამიანი მართლაც დაზარალდა ამ გატაცების შედეგად. დღემდე წერილობითი პასუხი სამწუხაროდ, ჩვენს არცერთ მოთხოვნაზე არ მიგვიღია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე მოგვეცა შესაძლებლობა, რომ გავცნობოდით ამ საქმეს კიდევ უფრო საგანგაშო ვითარება გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მაგალითად, დაკითხულია 200 მოწმე, ოთხი ტომია საქმე და დაკითხულია ისეთი მოწმეები, ვინც არაფერი იცის ამ საქმესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
აფგან მუხთარლი მაისის ბოლოს თბილისიდან გაიტაცეს, იგი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, მისი პასპორტი კი საქართველოშია, ამის შესახებ ინფორმაცია მუხთარლის მეუღლემ გაავრცელა. მუხთარლის თქმით, პირები, რომლებმაც მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ქვეყნიდან გაიყვანეს, ქართველი სამართალდამცავების ფორმაში იყვნენ ჩართულნი, საქართველოს ხელისუფლება უარყოფს საქართველოს სპეცსამსახურების ჩარევას აღნიშნულ საქმეში.
მასალის გამოყენების პირობები






