უმრავლესობის წარმომადგენელი, ამბობს რომ "ჩადების პრაქტიკა უხსოვარი დროიდან არსებობს". რაც შეეხება კონკრეტულად რეპერების საქმეს, დეპუტატი სამართალდამცავთა მიერ იფლება-მოსილების შესაძლო გადაცდომის გამოძიების ჩატარებაზე საუბრობს, რომ საზოგადოებაში არსებული განცდა განიქარწყლოს.
"საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ, გარკვეული ჯგუფის, ახალგაზრდების გაპიარება, რომლისთვის შემოქმედებით ჯგუფები ძალიან დიდ ფულს დებენ. ეს ბიჭები მსხვერპლი გამოვიდნენ, შემდეგ გმირები - ეს მოხდა, რაც ძირშივე არასწორია. რახან საზოგადოებაში არის განცდა "ჩადების" დაუწერელ კანონზე, რომელიც სხვათა შორის უხსოვარი დროიდან არსებობდა მსოფლიოში, ახლა არავის მოუგონია. რახან ეს განცდა გაჩნდა, ეს საქმე აბსოლუტურად ბოლომდე გამოძიებული უნდა იყოს.
ალბათ მუშაობა მოგვიწევს, რომ დაკავების პროცესში, ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, იყოს გარკვეული ვიდეო მტკიცებულება. არ ვიცი რა სტანდარტით, მაგრამ ამ მიმართულებით სამუშაოა"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ნუკრი ქანთარიამ.
კითხვაზე, მოახდინა თუ არა ბერა ივანიშვილის განცხადება გავლენა მოსამართლის გადაწყვეტილება, ქანთარიამ აღნიშნა, რომ ეს ასე არ არის.
"ბერამ კოლეგების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა, რაც ძალიან კარგია. თუმცა მავანს, მოუნდა ეს ფაქტი ისეთ მასშტაბში აეყვანათ, რომ ბერამ ერთი წინადადება დაწერა და სახელმწიფო მის დაკრულზე ცეკვავს, ეს ასე არ არის, მანამდე პრემიერმა გააკეთა განცხადება, თუმცა ამის მიუხედავად ვფიქრობ, რომ სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. უხერხული მდგომარეობაა, როცა ერთ დღეს მოსამართლე ამბობს, რომ წინასწარი პატიმრობა უნდა ჰქონდეთ მისჯილი, მეორე დღეს კი სააპელაციო ამ ადამიანებს უშვებს. თავისთავად კარგია, რომ ბიჭები გარეთ, არიან ისინი ნარკომანებს მართლა არ გვანან, მაგრამ ცუდი ის არის, რომ შეიძლება მიმბაძველები გამოუჩნდნენ, რომ იოლად შეიძლება პოპულარობის მოპოვება"- განმარტა უმრავლესობის დეპუტატმა.
"ნიუპოსტი" ასევე დაინტერესდა, სკანდალის შემდეგ ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ქანთარია ამბობს, რომ რეპერების მიმართ შურისძიება გარკვეული დაბალი რგოლის მიერ გადაწყდა.
"დარწმუნებული ვარ რომ, მინისტრს დაევალებინა, რადგან ბიჭები სიმღერას მღერიან, ციხეში ჩაალპეთო, ეს დრო დასრულდა. იქ როგორ ჩანს შიდა რგოლში, დარჩენილი ჯგუფების მიერ ხდება პროვოცირება ანდა, დილეტანტური მდგომარეობა დაიჭირეს პოლიციელებმა და ანგარიშის გასწორების მიზნით, თუ ეს დამტკიცდა, ჩაიდინეს ძალიან დიდი დანაშაული. მთელ მსოფლიოშია ჩადების პრობლემა, უდებენ, როცა რეალურ დამნაშავეზე ვერ გადიან... ეს ისეთი დაუწერელი კანონია, რომ მსოფლიოში ვერც ერთმა პოლიციურმა მთავრობამ ბოლომდე ვერ აღმოფხვრა. ინდივიდუალურ დონეზე ასეთი რამ ხდება, ამას ჩვენ ვერ წაუვალთ, მაგრამ როცა უდანაშაულო ადამიანზეა საუბარი, იქ უკომპრომისოები უნდა ვიყოთ ყველანი"- აცხადებს ოცნების დეპუტატი.
„ბირჟა მაფიას“ წევრები მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია გუშინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.
მიხეილ მგალობლიშვილს გირაო 50 ათასი ლარის, გიორგი ქებურიას კი 20 ათასი არის ოდენობით შეეფარდათ.
სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, მიხეილ მგალობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მათ გათავისუფლებას მოითხოვდა:
„პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ჩემს ფანებს, ჩემს კოლეგებს ვინც გვერდში მედგა და აბსოლუტურად ყველა ადამიანს ვინც გულწრფელად დამიდგა გვერდში. სირცხვილი მათ ვინც სცადა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ამბის გამოყენება. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი, ყველას მოქალაქეობრივი და მორალური ვადლებულება, რომ ვებრძოლოთ ასეთ უსამართლობას“- განაცხადა მიშკა მგალობლიშვილმა.
გიორგი ქებურიას განცხადებით კი მომხდარი არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა:
„პირადად ჩემთვის არ ჩაუდიათ, თვალითაც არ მინახავს, უბრალოდ გაფორმდა საბუთებში , ბრალი ვაღიარე იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ქონდა ადგილი. სამართალდამცავების სახელი და გვარი არ ვიცი, იმიტომ რომ არავის წარუდგენია თავი. მაგრამ ვფიქრობ, რომ შემიძლია მათი ამოცნობა. დაკავების დროს კლიპზეც იყო საუბარი, რომ ჩვენ სამაგალითოდ უნდა დავსჯილიყავით, რომ მსგავსი ქმედება აღარ განმეორებულიყო. “- განაცხადა ქებურიამ.
შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს „ბირჟა მაფიას“ ორი წევრი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. აღსანიშნავია, რომ მათ დაკავებას წინ სდევდა „ბირჟა მაფიას“ ახალი კლიპი, სადაც პოლიციელი არის გასარჟებული. საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავად რეპერები მათ დაკავებას, სწორედ აღნიშნულ კლიპს უკავშირებენ.
რაც შეეხება ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს. თავდაპირველად ისინი გმობდნენ სახელმწიფო ინსტიტუციების გასარჟებას, თუმცა მგალობლიშვილისა და ქებურიას დაკავებას კლიპს არ უკავშირდებდნენ.
მას შემდეგ რაც 10 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობასთან მრავალათასიანი აქცია გაიმართა ლოზუნგით „სისტემა ყარს“, რომელზეც ნარკოტიკის ჩადებას გმობდნენ და მოითხოვდნენ დაკავებულების გათავისუფლებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს ნარკოპოლიტიკა არის მკაცრი და მისი გადახედვაა საჭირო. ამას კი მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის ვაჟის ბერა ივანიშვილის კომენტარი სოციალურ ქსელში: „თქვენთან ვარ ბიჭებო! თავისუფლება „ბირჟა მაფიას“, 11 ივნისს მგალობლიშვილი და ქებურია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






