საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ასტანაში, ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. საქართველოსა და ყაზახეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი და ნურსულთან ნაზარბაევი გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვდებიან, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.
პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ყაზახეთის პრემიერთან, პარლამენტში-სენატისა და მაჟელისის თავმჯდომარეებთან.
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, ასტანაში, “ექსპო-2017”-ის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს და ყაზახეთის პავილიონებს დაათვალიერებს და გამოფენის ფარგლებში “საქართველოს ეროვნული დღის” აღნიშვნას დაესწრება.
გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში 13 ივნისს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






