როგორც "ნიუპოსტს" შაშკინმა განუცხადა, მისი მინისტრობის პირობებში არცერთი სამხედრო შესყიდვა არ განხორციელებულა, შესაბამისად მისი თქმით, ტყუილია განცხადება, რომ "შაშკინის დროს, რაც კი ჯართი იყო იმას ყიდულობდნენ".
ექსმინისტრი, აცხადებს, რომ ამერიკულ მხარესთან სამხედრო ვერტმფრენების და საჰაერო თავდაცვითი სისტემების ჩამოტანის შესახებ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში მას გადამწყვეტი როლი მიუძღვის.
"ბოლო პერიოდში ირაკლი სესიაშვილი ძალიან სასაცილო განცხადებებით გამოირჩევა, ის ცრუობს, როცა ამბობს, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში ჯართს ვყიდულობდით. მინდა ვუთხრა ბატონ სესიაშვილს, რომ ჩემი მინისტრობის დროს არცერთი სამხედრო შესყიდვა არ იყო განხორციელებული, მაგრამ ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ბოლომდე იყო მიყვანილი მოლაპარაკებები ამერიკულ მხარესთან სამხედრო ვერტმფრენების და საჰაერო თავდაცვითი სისტემების ჩამოტანის შესახებ.
თუ ამერიკული ჩინუკები, სიხოკები, და ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემა სესიაშვილისთვის ჯართია - მაშინ კლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ეტყობა, მას ჰქონია, რომ სამხედრო ტექნიკის აპოთეოზი რუსული ბეტეერეები და კალაშნიკოვია. კარგი იქნება თუ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც რანგით მინისტრს უტოლდება ამერიკულ მხარეს, შეატყობინებს მის ბრძნული იდეებს"- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი სესიაშვილი ჯარში არსებულ ვითარებაზე საუბრისას ამბობს, რომ "შაშკინის დროს, რაც კი ჯართი იყო იმას ყიდულობდნენ".
მასალის გამოყენების პირობები






