პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში ბევრი ადამიანი იყო ჩართული. დოკუმენტიც, სწორედ, ფართო ჩართულობისა და განხილვების საფუძველზე შემუშავდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმას ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა - კონსტიტუციის შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და დაუხვეწავი საპარალამენტო მმართველობის მოდელის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობად.
„დეკემბერში, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და ამ დადგენილებით განისაზღვრა ორი ძირითადი ამოცანა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისთვის. ერთი ამოცანა იყო კონსტიტუციის შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან, განსაკუთრებით, ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან. დღეს მოქმედი კონსტიტუცია წინააღმდეგობაშია ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან, რაც ვენეციის კომისიის მიერ იყო ხაზგასმული 2010 წლის დასკვნაში. დარღვეულია ხელისუფლების დანაწილების, ურთიერთგაწონასწორებისა და ურთიერთ დაბალანსების პრინციპი და განსაკუთრებით ეს გამოიხატება იმით, რომ დასუსტებულია პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს საკვანძო კონსტიტუციური ორგანო ამ სისტემაში. მეორე ამოცანის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩამოყალიბებულია ძალიან დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და პარლმენტმა ამოცანად დაგვისახა დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემად. დღევანდელი სისტემა თავისი არსით არის საპარლამენტო და ამასთან დაკავშირებითაც არის ხოლმე აზრთა სხვადასხვაობა. რეალურად, დღევანდელი სისტემა თავისი ბუნებით არის საპარლამენტო და ჩვენი ამოცანა იყო არა ამ მოდელის შეცვლა, არამედ ამოცანა იყო მოდელის შენარჩუნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ამის გარდა, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში იყო შინაარსობრივ-კონცეპტუალური, ასევე, ტექნიკური და გრამატიკული ხარვეზებიც კი და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი მიზანი ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა და იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, გამართული დოკუმენტის შემუშავება იყო.
„კონსტიტუცია უნდა იყოს მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი, მათ შორის, ახალგაზრდა იურისტებისთვის. როცა კითხულობ კონსტიტუციას, ზუსტად უნდა იცოდე, როგორ უნდა იყოს შემუშავებული და მომზადებული ზოგადად ნორმატიული აქტი და საკანონმდებლო აქტი. სამწუხაროდ, დღევანდელი კონსტიტუცია ასეთი სახელმძღვანელოს ფუნქციას ვერ ასრულებს ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაუხვეწავი საკანონმდებლო აქტი, რაც კი მოქმედებს საქართველოში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






