,,ნიუპოსტი“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავზობთ:
,,ქართველი ხალხის ურყევი ნებაა საქართველოს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოდან დემოკრატიულ, თანამედროვე, წარმატებულ სახელმწიფოდ ტრანსფორმაცია. ქვეყნის ხელისუფლების თითოეული ქმედება სწორედ ამ მიზნის განხორციელებას უნდა ემსახურებოდეს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის, აფგან მუხთარლის გატაცება და ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გაუმჭვირვალე, გაჭიანურებული საგამოძიებო მოქმედებები წარმოადგენს იმ ანტიდემოკრატიული პროცესის საგანგაშო გამოვლინებას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ხელისუფლება უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გარანტირებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საერთაშორისო ფორმატებში ნაკისრ ვალდებულებებს. საფრთხეშია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, როგორც უსაფრთხო, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოსი.
ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები, არ დავთმობთ თაობების ბრძოლისა და შრომის შედეგად მოპოვებულ დემოკრატიულ მიღწევებს, რათა არ გაგრძელდეს ქვეყნის ინსტიტუციური მდგრადობის ხელყოფის პროცესი, შესაბამისად არ იქნას შერყეული საქართველოს საერთაშორისო პოზიციები.
მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებსა და დემოკრატიული სახელმწიფოს შენების გზაზე საქართველოს მხარდამჭერთ: კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ჩვენს ქვეყანაში. გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა აფგან მუხთარლის გატაცების საკითხი დროულად და ეფექტურად იქნას გამოძიებული და ჯეროვნად იქნას დასჯილი ყველა ის პირი, ვინც თავისი მოქმედებითა თუ უმოქმედობით ხელყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, შელახა ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო ავტორიტეტი, რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება და სანდოობა.
მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს: გთხოვთ, ყურადღებით მიადევნოთ თვალი აფგან მუხთარლის მდგომარეობას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. გთავაზობთ ინიციატივას საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ, რათა საერთაშორისო მეთვალყურეობის პირობებში, მაქსიმალურად იყოს დაცული აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის უფლებები“ - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






