" ჩვენ, ბუნებრივია, გვაქვს ლეგიტიმური ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ „ტაბულაში“ და ამ ლეგიტიმურ ეჭვებს აქვს, ბუნებრივია, თავისი საფუძველი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის მიერ გამოგზავნილი წინასწარი დასკვნის გასაჯაროების ფაქტზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძე გუშინ, ვენეციის კომისიის მიერ გამოგზავნილი წინასწარი დასკვნის გასაჯაროების ფაქტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ წარდგენისას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დოკუმენტის არ გასაჯაროება სწორედ ვენეციის კომისიის თხოვნა იყო, რაც საქართველოს პარლამენტმა პირნათლად შეასრულა.
„საუბარი იყო იმაზე, თუ როდის გასაჯაროვდებოდა ეს დასკვნა და მაშინ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სწორედ რომ კომისიის თხოვნა იყო ამ დოკუმენტის არ გასაჯაროება იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის დასკვნის წინასწარი პროექტი. შესაბამისად, ვენეციის კომისიის თხოვნა იყო, რომ არ გასაჯაროებულიყო ეს დოკუმენტი. ჩვენ ეს პირობა, ბუნებრივია, პირნათლად დავიცავით, თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ გუშინ „ტაბულაში“ გაჟონა ინფორმაციამ, იყო სიტყვა-სიტყვით ციტირებული კონკრეტული ჩანაწერები, ამ დასკვნის. ორ სუბიექტს ჰქონდა რეალურად მხოლოდ ეს დოკუმენტი: ეს იყო პარლამენტის ხელმძღვანელობა და ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ გვაქვს, ბუნებრივია, ლეგიტიმური ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ „ტაბულაში“ და ამ ლეგიტიმურ ეჭვებს აქვს ბუნებრივია, თავისი საფუძველი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო მომხდარით შეშფოთებულია.
„გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეშფოთებულია ბატონი ჯანი ბუკიკიო ამ ფაქტთან დაკავშირებით, ანუ ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ამ შეშფოთებას. არის ძალიან სამწუხარო ის, რომ უმაღლეს დონეზე ჟონავს ასეთი ინფორმაცია. ეს არის ნამდვილად შემაშფოთებელი, რაც ნამდვილად უნდა აღინიშნოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვენეციის კომისიის გასაჯაროების ფაქტს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძეც, მისი თქმით, სამუშაო ვერსია ის დოკუმენტი არ არის, რომელიც თავისუფლად უნდა გავრცელდეს და ამაზე ვენეციის კომისიაც მიუთითებს.
„იმ ეტაპისთვის, როცა ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მედია საშუალებაში მოხვდა, როგორც ვიცი, მხოლოდ პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან იყო და იმედია, ვინმე არ იეჭვებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დოკუმენტი "ტაბულას" მიაწოდა“- განაცხადა მდინარაძემ.
გავრცელებულ ვარაუდებს იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე უარყოფს.
"საქმე ისაა, რომ ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი საჭირბოროტო საკითხი, რომელსაც სჭირდება გადაწყვეტა და ამ პირობებში, ჩვენ, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, რომ დედამიწაზე ყველაფერი ბრალდება პრეზიდენტს, რაც, რა თქმა უნდა, კომენტარს არ იმსახურებს." - განაცხადა დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






