თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რუმინელ სტუმრებთან ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების სფეროში არსებული ურთიერთობები განიხილა. საუბარი ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ნუკრი გელაშვილმა და პოლკოვნიკმა გეორგე კალოპარეანუმ აკადემიაში სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ბაზაზე სამეცნიერო ცენტრის ჩამოყალიბების შესაძლებლობებზე, ასევე აღნიშნული კოლეჯის ინსტრუქტორებისა და აკადემიის ინგლისური ენის პედაგოგებისათვის გაცვლითი პროგრამის დაგეგმვის შესახებ იმსჯელეს. საუბარი ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგიებსაც შეეხო.
საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეროვნული თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრნენ. რუმინელი სტუმრები ეროვნული თავდაცვის აკადემიის საქმიანობასა და არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ, ასევე აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
მასალის გამოყენების პირობები






