როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა "ნიუპოსტს" განუცხადა, აღნიშნული დასკვნა, საფუძველს იძლევა, რომ მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ბევრი ცვლილების განხორციელება საჭირო არ იქნება.
"ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნის პროექტით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პროექტში ბევრი ცვლილება სავარაუდოდ არ შევა და სავარაუდოდ ცვლილებები ტექნიკური დამაზუსტებელი ხასიათის იქნება. ჩვენ გვაქვს ვარაუდის საფუძველი, რომ მოლოდინები მართლდება და კომისიის საბოლოო დასკვნა პოზიტიური იქნება"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება საარჩევნო ბონუსის ირგვლივ არსებულ კითხვებს, ფრაქციის თავმჯდომარე "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნას ამ მიმართულებით სამი რეკომენდაცია მოჰყვება.
"ამ სამი რეკომენდაციებიდან ჩვენ ერთ-ერთზე ისედაც ვსაუბრობდით, საუბარია თეორიული რისკების დაზღვევაზე და ამ მიზნით ზედა ზღვრის დაწესებაზე. ჩვენ ვფიქრობთ, გავითვალისწინოთ ეს რეკომანდაცია და არამარტო ზედა ზღვარი, არამედ ქვედა ზღვარზეც ვიფიქროთ, მინიმალური ხმების რაოდენობა შეიძლება გახდეს საჭირო რომ გამარჯვებულმა პარტიამ დააკომპლექტოს უბრალო უმრავლესობაც. უფრო დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სპეკულაციური იყო ოპოზიციის განცხადებები, იმასთან დაკავშირებით, რომ 23 და 30 %-იანი პარტიები მოახერხებენ კონსტიტუციური უმრავლესობის დაკომპლექტებას. უბრალო უმრავლესობის მოპოვებასაც კი დასჭირდება გარკვეული დათქმები რომელიც დაზუსტდება კონსტიტუციურ პროექტში"- აღნიშნა დეპუტატმა.
რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც "ირიბ საარჩევნო სისტემაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს უმრავლესობის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენილი პირის მუდმივი არჩევა"- მმართველი პარტიის დეპუტატი აცხადებს: "კომისია გულისხმობს, სწორედ იმას, რასაც ჩვენ არაერთ შეხვედრაზე ვაცხადებდით. აქ საუბარია, ყველაზე შესაფერის მოდელზე, პრეზიდენტის ინსტიტუტისა საპარლამენტო რესპუბლიკაში. ზეპარტიულ პრეზიდენტზე რომელმაც უნდა შეასრულოს არბიტრის ფუნქცია, ის არ უნდა იყოს, რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. მას არ უნდა ჰქონდეს, აღმასრულებელი ფუნქციები. ის ფუნქციონალურად არ უნდა ერეოდეს, აღმასრულებელი შტოს საქმიანობაში"- თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა.
"ნიუპოსტმა" დეპუტატს შეახსენა ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნიდან ციტატა, რომლის მიხედვითაც 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება, გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიწერა და საარჩევნო კოალიციების გაუქმება, უკან გადადგმული ნაბიჯია.
მდინარაძემ ამ საკითხზე თქვა, რომ სწორი არ არის, როცა "ცალკე კონტექსტში ვსაუბრობთ".
"ერთობლიობაში აქ საუბარია, 5%- იან ბარიერზე, ბლოკების გაუქმებაზე და ბონუს სისტემაზე, ეს შეიძლება იყოს გარკვეული პრობლემის საფუძველი, თუმცა ჩვენ რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ, რომ თეორიულ რისკებს ბონუსურ სისტემასთან დაკავშირებით გადავაზღვევთ და ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ამას შეეხება. და ის ზედა ზღვრის დადგენას გულისხმობს. როგორც უკვე გითხარით, გუნდში ქვედა ზღვარსაც განვიხილავთ. იქნება დადგენილი პროცენტისა თუ ხმების მინიმალური რაოდენობა, რომელიც აუცილებელი პირობა იქნება იმისთვის, რომ გამარჯვებულმა პარტიამ დააკომპლექტოს უბრალო უმრავლესობაც კი"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის ნაწილი მედიამ დღეს გაასაჯაროვა. დოკუმენტში პარლამენში ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე საუბარი.კომისიის წევრები ასევე ხაზს უსვამენ მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობას, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება, გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიწერა და საარჩევნო კოალიციების გაუქმება, უკან გადადგმული ნაბიჯია.
მასალის გამოყენების პირობები






