როგორც ეკა მიშველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტს კობახიძის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტად მიაჩნია.
"სამ თვეზე მეტია პარლამენტის თავმჯდომარისგან მუდმივად ვისმენთ შეურაცხყოფას, ლანძღვას - ეს სამწუხაროდ ჩვენთვის სიახლე არ არის. ვატყობთ ტენდენციას, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ტრენდად იქცა მსგავსი კომენტარების გაკეთება. შესაბამისად ამაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტად მიგვაჩნია"- აღნიშნა ეკა მიშველაძემ.
დღესვე გაირკვა, რომ ვენეციის კომისიაში პრეზიდენტის ვიზიტზე ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არის, თუმცა მიშველაძის თქმით, ეს საკითხი აქტიურად განიხილება. გადაწყვეტილებას კი გიორგი მარგველაშვილი მიიღებს.
მიშველაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი ვენეციის კომისიასთან ურთიერთობაში აქტიურად იყო ჩართული და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით მისი სამუშაოებით კმაყოფილი იყო.
"ყველა იმ პოზიციაზე, რომელიც პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან დაფიქსირდა ვენეციის კომისიასთან, ლევან ბოძაშვილს სრული თანხმობა ჰქონდა. ის ბრძანდებოდა ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან შესახვედრად და სწორედ ეს არის გასაკვირი, რომ დღეს სხვა კომენტარს აკეთებს. მანამდე კი ჩვენ კმაყოფილები ვართ იმ სამუშაოებით რაც ბოძაშვილმა ამ მიმართულებით გასწია"- თქვა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ლევან ბოძაშვილის ამჟამინდელი პოზიცია, პრეზიდენტის ხედვებს კონსტიტუციის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით ვერ შეცვლის.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიისთვის საქართველოს პრეზიდენტის შეფასება ცნობილია.
"ვენეციის კომისიას წარედგინა ხედვა, ამ შეხვედრაში ჩართული იყო ლევან ბოზაშვილიც, ეს იყო შეხვედრა ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან და წევრებთან. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ამ კონკრეტულ შეხვედრაზე წერილობითი დოკუმენტი წარდგენილი არ ყოფილა. თუმცა რაც შეეხება პრეზიდენტის ხედვას, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კონკრეტულ შენიშვნებზე ჩვენ მთელი ამ თვეების განმავლობაში აქტიურად ვსაუბრობთ"- აღნიშნა მიშველაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "პრეზიდენტის პოზიციები კონსტიტუციასთან მიმართებაში უაღრესად სუსტია".
როგორც სპეციაკურ ბრიფინგზე კობახიძემ აღნიშნა, მას არ უკვირს, რომ პრეზიდენტი "თავს არიდებს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობის მიღებას".
მასალის გამოყენების პირობები






