ლანჩხუთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ნიგვზიანი, ხაჯალია, ქვიანი, ახალსოფელი, ლესა ეს ის სოფლებია, სადაც მოსახლეობა მგლების მასობრივ შემოსევას უჩივის.
ადგილობრივები "გურიის მოამბესთან" საუბრობენ, რომ მტაცებლები საღამოს საათებში სოფლებში შედიან და საქონელს იტაცებენ.
"საყანე ფართობებში ვეღარ შევდივართ, ძროხა ჩემი თვალით ვნახე მგელს დაგლეჯილი რომჰყავდა. ახლა გადაწყვიტა სოფელმა, რამდენიმე კაცმა იმორიგევოს და ისე გავმარგლოთ ყანები. მგელი რომ დაესხას ვინმეს, მშველელი ხომ უნდა იყოს. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ზაფხულში საქონელს საძოვარზე რომ ვერ გაუშვებ, ეს საქმეა? მერამდენედ ვითხოვთ დახმარებას. ვის ესმის"-გვეუბნება სოფელ ქვიანის მკვიდრი.
იგივე სიტუაციაა დანარჩენ სოფლებში, მოსახლეობას ღამით გარეთ გასვლის შიში გაუჩნდა: "ბავშვებს ვეღარ ვუშვებთ მარტო. დაღამდება თუ არა, შეშინებულები ვართ, აქეთ-იქეთ ვაცეცებთ თვალებს, სადმე მტაცებელი არ იყოს და არ დაგგვლიჯოს"-გვეუბნებიან ხაჯალიაში.
"გურიის მოამბე" დაუკავშირდა ნიგვზიანის დეპუტატს, ბესო ტაბიძეს, იმის გასარკვევად თუ რა ღონისძიებების გატარებას გეგმავენ მოსახლეობის დასახმარებლად, თუმცა ტაბიძემ მგლებთან დაკავშირებით მოსახლეობის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია, კატეგორიულად უარყო.
მასალის გამოყენების პირობები






