საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად კონსტიტუციის გადასინჯული კანონპროექტი შევა . ირაკლი კობახიუძემ ბრიფინგის ფარგლებში კონსტიტუციის ახალ პროექტზე ისაუბრა:
„ჩვენ გვინდოდა, რომ მორიგ სესიებზე ჩაგვეტარებინა კანონპროექტის განხილვა. 12 ივნისის და 26 ივნისის კვირაში, თუმცა ვენეციის კომისიის სხდომა დაინიშნა 16 ივნისს და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დაველოდოთ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას. აქედან გამომდინარე, 12 ივნისის კვირაში აღარ გაიმართება პირველი მოსმენა და დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა, როდესაც გაიმართება უკვე პირველი მოსმენით განხილვა საკონსტიტუციო კანონპროექტის. ამის შემდეგ გადავალთ ისევ საკომიტეტო განხილვაზე და საკომიტეტო განხილვის დასრულებისთანავე გაგრძელდება პლენარული განხილვა და მივიღებთ მეორე მოსმენით უკვე ამ სესიის ბოლოს ამ კანონპროექტს. ანუ, როგორც ეს იყო დაგეგმილი წინასწარ, ორი მოსმენით კანონპროექტი იქნება განხილული და მოსმენილი, ივნისის ბოლომდე.
ჩვენ უნდა დაველოდოთ ორ რამეს, ეს არის საკომიტეტო განხილვები და ვენეციის კომისიის დასკვნა. შემდეგ რაც დასრულდება საკომიტეტო განხილვები, მას შემდეგ რაც მივიღებთ ვენეციის კომისიის დასკვნას, უკვე გაცხადდება პოზიცია ამ ცვლილებებთან დაკავშრებით. ბუნებრივია, დოკუმენტი გადაისინჯება, დოკუმენტში შევა მთელი რიგი ცვლილებები საყოველთაო სახალხო განხილვის შედეგების საფუძველზე, ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით. დაველოდოთ საკომიტეტო განხილვებს, დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ უკვე გადასინჯული კანონპროექტი შევა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად,“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მასალის გამოყენების პირობები






